ნინო ბურჯანაძის პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბაკურ ბაკურაძე ფეისბუქზე ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ბოლო გამოსვლაა ასახული და თან ურთავს წარწერას: "როგორ მინდა ჩემს ქვეყანას ყავდეს ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ესაა თავისი ქვეყნისთვის".
ვიდეო გადაღებულია პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომლის მიმდინარეობის დროს რუსეთის პრეზიდენტმა CNN-ის ჟურნალისტს დასმული შეკითხვა გაუსწორა და აღნიშნა, რომ მან არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა მისი სიტყვებისა.
რეპორტიორ ფარიდ ზაქარიას შეკითხვაზე, "თქვენ ტრამპი მოიხსენიეთ, როგორც ჭკვიანი და გამორჩეულად გონიაერი ადამიანია მთელ მსოფლიოში, მაინტერესებს რამ მიგიყვანათ ამ დასკვნამდე და ამ აზრის ხართ თუ არა ისევ?"
პუტინმა თავდაპირველად გაიღიმა, შემდეგ კი ჟურნალისტს მიმართა და აღნიშნა, რომ პირადად ის, რუსეთში ძალიან პოპულარულია როგორც ტელეწამყვანი: "რატომ აზვიადებთ ყველაფერს? მე ვთქვი, რომ ტრამპი გამორჩეული ადამიანია. რა, არ არის გამორჩეული? მე ის სხვა სიტყვებით არ დამიხასიათებია. რასაც მე ვაფასებ და მივესალმები ისაა, რომ ბატონმა ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენისთვის, რა თქვენ არ ხართ ამისთვის მზად?" - პუტინის ამ სიტყვებს დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.