მომღერალი ნინი ბადურაშვილი ინტერვიუების სიმრავლით არ გამოირჩევა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მარტოხელა დედა გახდა. თუმცა ამჟერად თავის საქმესა და პირადზე ვრცლად და გულახდილად ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს.
- ელენეს ცხოვრებაში რა როლს თამაშობთ?
- ელენეს გაზრდაში ძიძა მეხმარება, ის რომ არ მყავდეს, ვერაფერს გავაკეთებდი, რადგან გიჟური რეჟიმი მაქვს. არ ვიცი, რა დროს სად მომიწევს წასვლა. რომ არა ძიძა, ვიჯდებოდი სახლში და მხოლოდ დიასახლისი ვიქნებოდი. მეხმარებიან ეკა, ბებიები - ფლორა და ლალი, ბაბუა იმედა.
მამაჩემი (რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი. ავტ.) გამოდგა ძალიან მაგარი ბაბუა, გაგიჟებულია ელენეზე. ბავშვის გაზრდაში ყველა ერთად არის ჩართული. გათამამებული გვყავს.
ძალიან კარგია ისიც, რომ ელენე მამასთან ხშირად დადის, მამის მხარესთან კომუნიკაცია აქვს. არა მგონია, დისკომფორტი ჰქონდეს ამ მხრივ, რადგან დედასთანაც და მამასთანაც დიდ დროს ატარებს. როცა კი დრო მაქვს, მირჩევნია, შინ მივიდე და ელენესთან ერთად ვიყო. გართობისთვისაც მაქვს ერთი დღე - პარასკევი ან შაბათი. ისიც ყოველ კვირას - არა, ესეც მომბეზრდა, ყელში მაქვს ამოსული კლუბური ცხოვრება.
იყო პერიოდი, როცა თითქოს ყველა ცუდად ლაპარაკობდა ჩემზე, ვერ ვხვდებოდი, იმ პერიოდში ჩემ მიმართ რატომ იყო ამხელა აგრესია. მაშინ ხალხისგან ეს დამოკიდებულება მწყინდა. ვფიქრობდი: "რატომ არ იციან, როგორი ვარ? ვინ ვარ?".
დამიჯერეთ, ეკრანზე ძალიან ბევრი თამაშობს და თავის ნამდვილ სახეს არ ავლენს. მე ეკრანზე თავშეკავებული ვარ. აქედან გამომდინარე, ეგონათ, რომ ცივი, ამპარტავანი ვიყავი. ნეგატიური პერიოდი მქონდა, მაგრამ ამის გამო სტრესი არ მქონია.
- ხელმეორედ ოჯახის შექმნაზე ფიქრის დრო ჯერ არ დამდგარა?
- ეს ეტაპი არ დამდგარა. მეორე ოჯახის შესაქმნელად საერთოდ არ ვარ მზად. შინაგანად ასე ვგრძნობ თავს. მაშინ, როცა გავთხოვდი, ამისთვის მზად ვიყავი და მინდოდა კიდეც, მაგრამ ახლა ამის სურვილი საერთოდ არ მაქვს. არიან თაყვანისმცემლები, არის გატაცება. ძალიან ცუდია, როდესაც არავინ მოგწონს. ყოველთვის მყავდა ობიექტი, ვინც მომწონდა.
- ახლაც?
- ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ ხვალ ავდგე და გავთხოვდე, ასე არ მინდა. ძალიან დიდი სტრესია ოჯახის დანგრევა, ზოგი დეპრესიაში ვარდება. არ მინდა, რომ მეორე ოჯახიც დამენგრეს. წინასწარ არავინ არაფერი იცის, მაგრამ სურვილი მაქვს, ისე ზუსტად გავთხოვდე, რომ იმის გავლა არ მომიწიოს, რაც გავიარე.
ლანა კიკნაძე
ჟურნალი "სარკე"