თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება მისცა. ირაკლი ოქრუაშვილი 2005 წლის ივლისში ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე დაიკითხა.
"სააკაშვილი მთხოვდა, რომ გელაშვილის მიმართ განმეხორციელებინა ანგარიშსწორება. ყველაფერი კი ისე უნდა მომხდარიყო, რომ მოტივი არ გამოჩენილიყო. მე ამ თხოვნაზე უარი განვაცხადე და შემდეგ უკვე, როცა ფაქტი მოხდა და როცა მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრე, მასთან საუბრის დროს დავრწმუნდი, რომ მისი თხოვნა შესრულდა ვანო მერაბიშვილის მიერ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ამ თემაზე რამდენიმე შეხვედრა იყო და ერთ-ერთს სამნი - თავად ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ.
"ამ საუბრის შინაარსი მე უკვე მოგახსენეთ. ანგარიშისწორების თხოვნა მომდინარეობდა ჩემს მიმართ, იმიტომ რომ მყავდა ისეთი ჯგუფი, რომელიც ერთგულების ნიშნით გამოირჩეოდა", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ამ თემაზე კომენტარი დეპუტატ ვალერი გელაშვილს ვთხოვეთ:
- მე მქონდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამას იტყოდა. ის, რაც ოქრუაშვილმა თქვა, ჩემთვის სიახლე არ იყო, მე დიდი ხანია ვიცოდი, რომ ჩემი სასიკვდილოდ ცემა უშუალოდ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა დაგეგმეს. რომ არა ჩემი ფიზიკური გამძლეობა, მე იქ ვერ გადავრჩებოდი, რადგან მოტეხილი მქონდა ფუძის ძვალი და ასეთ დროს გადარჩენის შემთხვევა ძალიან იშვიათია. მათი მიზანი იყო რომ ადგილზე, ცემაში უნდა მოვმკვდარვიყავი ან საუკეთესო შემთხვევაში ინვალიდად დავრჩენილიყავი.
- სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა მოგვცა, თქვენ თუ ეთანხმებით ამას?
- ყველამ კარგად ვიცით, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არაა, რადგან პოლიტიკოსი იყო ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის მერე პოლიტპატიმარი გახდება. მერაბიშვილი დამნაშავეა, კრიმინალია და ციხეში უნდა იჯდეს.
- მას მერე რაც თქვენ გადარჩით, დაშინება თუ იყო?
- კი, მოდიოდა ჩემთან ხმები და მეუბნებოდნენ, რომ თუ მე საქართველოში ჩამოვიდოდი, დამიჭერდნენ. სხვათა შორის, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ლიტვის პრეზიდენტმა ადამკუსმა (ჩემი ოჯახი ლიტვის მოქალაქეა და მეც ხშირად მიწევს ლიტვაში ყოფნა) გააფრთხილა მიხეილ სააკაშვილი და უთხრა, რომ გელაშვილს აღარ შეეხოთო, თორემ არ გაპატიებთო. შეიძლება ითქვას ადამკუსის დამსახურებაა მე, რომ ცოცხალი ვარ.
- რა იყო თქვენი ცემის მიზანი?
- მე ვიყავი პირველი ბიზნესმენი, ვინც მათ წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და ჩემი ცემა, უნდა ყოფილიყო მაგალითი სხვებისათვის, რათა ხმის ამოღება ვერ გაებედათ.
- როგორ ფიქრობთ, ოქრუაშვილმა ეს ყველაფერი რატომ განაცხადა მხოლოდ ახლა და არა მანამდე?
- მე მახსოვს, რომ ოქრუაშვლმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუშიც ისაუბრა ამ თემაზე.
- როგორც მან თქვა, ის იქ იყო, როცა სააკაშვილმა და მერაბიშვილმა თქვენზე თავდასხმა დაგეგმეს. რატომ არ გაგაფრთხილათ და რატომ არ ეცადა, რომ თქვენი სიცოცხლე გადაერჩინა?
- მე ვიცოდი, რომ ჩემს მიმართ რაღაც იგეგმებოდა, მომდიოდა ხმები და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ოქრუაშვილი აბარებდა გარკვეულ ადამიანებს ამ ინფორმაციას. უბრალოდ, მე არ ველოდი, რომ ასე გამიმეტებდნენ
- არჩევნები ახლოვდება და რა გეგმები გავქთ? აპირებთ პოლიტიკური აქტიურობის გაგრძელებას?
- მე ვარ "ქართული ოცნების" წევრი და ალბათ ამავე პარტიის სახელით, ისევ ხაშურში ვიქნები მაჟორიტარობის კანდიდატი.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE