ბიზანტიასა და ირანს შორის მიმდინარეობდა დაუსრულებელი ბრძოლა საქართველოს ტერიტორიაზე გაბატონებისთვის. VI საუკუნეში დასავლეთ საქართველო მოექცა ბიზანტიის იმპერიის გავლენის ქვეშ, აღმოსავლეთ საქართველო კი სასანიდების ირანს დარჩა. სასანიდები ცდილობდნენ ქართველთა სრულ დამორჩილებას. მათ 523 წელს ქართლში მეფობა გააუქმეს. VI საუკუნის მეორე ნახევარში, ბიზანტიასთან წარმოებული ომებისა და შინაარეულობის შედეგად, ირანის ბატონობა ქართლში შესუსტდა. ქვეყნის ცენტრალიზაციის მიზნით ქართლში დაარსდა ერისმთავრობა. ქართლის ერისმთავრებმა ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობა საკუთარი ფულის - "ქართულ-სასანური" ვერცხლის მონეტების მოჭრით დააგვირგვინეს.
VI საუკუნის 80-იან წლებში მოჭრილ ქართულ მონეტებზე მეფის გამოსახულების გვერდით გაჩნდა ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო - ჯვარი და პირველად ქართული ფულის ისტორიაში, მონეტებზე აისახა ქართული ასომთავრულით შესრულებული ქართლის ერისმთავრების სახელები (მონოგრამები). "ქართულ-სასანური" ფულის შემდეგ ემისიებზე საკურთხევლის მოგიზგიზე ცეცხლი შეცვალა ჯვარმა. სტეფანოს ერისმთავარმა "ქართულ-სასანურ" დრაქმებზე თავისი სახელი ჯერ ცენტრში, დაქარაგმებული სახით, შემდეგ კი სრულად მოათავსა.
VI საუკუნის ქართლის ერისმთავრების მოჭრილი ფული პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ეროვნული სულის აღორძინებისა და ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულების საუკეთესო მაგალითია.
დრაქმა. ვერცხლი. ერისმთავარი სტეფანოს I. 592 წ.
Av. მეფის ბიუსტი მარჯვნივ, თავზე სამეფო გვირგვინით. გამოსახულების მარჯვნივ და მარცხნივ ქართული ასომთავრული ასოებით შესრულებული ზედწერილია "სტეფანოსი". გამოსახულების გარშემო ორმაგი შერწყმულ-წერტილოვანი რკალია. რკალების გარეთ, მარცხნივ, მარჯვნივ და ქვემოთ სიმეტრიულად განლაგებული ასტრალური სიმბოლოებია - ნახევარმთვარე ვარსკვლავებით.
Rv. ცენტრში: ცეცხლთაყვანისმცემელთა ემბლემა - ცეცხლის საკურთხეველი, რომლის შევიწროებულ ადგილზე შებმულია ბაფთა ზემოთ აწეული ბოლოებით. საკურთხევლის მარცხნივ და მარჯვნივ, სახით პირდაპირ, ორი მცველია. საკურთხევლის ზემოთ მოთავსებულია ჯვარი. მონეტა გარშემოვლებულია სამმაგი რკალით, რომელთა გარეთ მოთავსებულია ოთხი ასტრალური სიმბოლო.