ნიგერიელმა ქალმა, რომელმაც ლატარეაში შთამბეჭდავი თანხა მოიგო, ფული ჩეკის გადაცემიდან 1 საათში ქუჩის მაწანწალას გადასცა. 46 წლის ლაგოსელმა როზმარი ობიეკორმა თავისი საქციელი ასე ახსნა: "უამრავი ისტორია მსმენია ადამიანებზე, რომელთაც ლატარეაში დიდი თანხა მოიგეს, შემდეგ კი მათ თავს უამრავი უბედურება დატრიალდა. ამიტომაც გადავწყვიტე, გადავცე ფული პირველ შემხვედრს".
"ჭკვიანი როზმარისგან" განსხვავებით, ზოგიერთი იღბლიანი იწყებს ფულის უაზროდ ფლანგვას და საბოლოოდ, კოტრდება. როგორც პრაქტიკა უჩვენებს, მსგავს "ქარის მოტანილ" ფულს სიხარული და ბედნიერება ყოველთვის როდი მოაქვს.
გთავაზობთ ამის დამადასტურებელ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს:
ხარჯვა, ხარჯვა და მხოლოდ ხარჯვა!
ვივიან ნიკოლსონი - ლატარეის ყველაზე ცნობილი გამარჯვებული, რომელმაც 1961 წელს 3 მლნ დოლარი მოიგო. ჟურნალისტების შეკითხვაზე: "რას უპირებთ მოგებულ თანხას", მიუგო "ხარჯვას, ხარჯვას, ხარჯვას!". მიცემულ პირობას არ გადაუხვია და მოგებული თანხის ფლანგვას მიჰყვა: ყიდულობდა ტანსაცმელს, ძვირფასეულობას, ავტომობილებს, 5 წელიწადში 3 მილიონ დოლარს წირვა გამოუყვანა.
ამ "შოპ-გარბენის" პერიოდში ვივიენმა დაქვრივება და 5-ჯერ გათხოვება მოასწრო, გადაიტანა ინსულტი, გახდა ალკოჰოლიკი, 2-ჯერ ეცადა თვითმკვლელობას და რამდენიმე ხანი საგიჟეთშიც იწვა. ამჟამად ის უმუშევარი მარტოხელა პენსიონერია, რომელიც თვეში 300-დოლარიანი პენსიით ცხოვრობს.
შოპინგი, წვეულებები და მკერდის გადიდება
კელი როჯერსი ერთ დროს პლანეტის ყველაზე იღბლიანი მოზარდი გახლდათ. მან ლატარეაში 1,9 მილიონი ევრო მოიგო 16 წლის ასაკში, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 3 მილიონი ევროა. იმის ნაცვლად, რომ თანხა უძრავ ქონებაში ჩაედო და ბიზნეს-ლედი გამხდარიყო, გოგონამ მთელი თანხა შოპინგში, გართობაში და მკერდის გადიდებაში დახარჯა. ამჟამად კელი 25 წლისაა, 2 შვილი ჰყავს, 2-ჯერ თვითმკვლელობა სცადა და მუშაობს... მოახლედ.