სასამართლო პროცესზე მაგდა პაპიძესა და მის დედამთილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის გამო მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე სასამართლო დარბაზიდან დროებით გაიყვანეს.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დარეჯან მინდიკაურმა მისი შვილიშვილის დაზიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაზიანებები მას მაგდა პაპიძემ მიაყენა. პროკურორის კითხვაზე, ხომ არ შეუმჩნევია დარეჯან მინდიკაურს თორნიკე ქაფიაშვილისთვის რაიმე სახის დაზიანება, ომარ ქაფიაშვილის დედამ აღნიშნა, რომ ბავშვს "ფეხზე, მუხლის ზევიდან ჰქონდა დაზიანება, რომელიც მაგდამ მიაყენა მაკრატლით".
ამის საპასუხოდ მაგდა პაპიძემ აღნიშნა, რომ მისი შვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და მას დასკვნის მიხედვით არავითარი დაზიანება არ აღმოაჩნდა. "შენ კარგად იცი, რომ თორნიკეს ცრემლისთვის მაგდა შეურაცხადი ხდებოდა. თორნიკეს წინ ტყუილს ვერ მეტყვი. თორნიკეს ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და არანაირი დაზიანება არ ჰქონდა", - მიმართა მაგდა პაპიძემ დედამთილს, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
დარეჯან მინდიკაური მაგდა პაპიძეს მოუწოდებდა, რომ დაწყნარებულიყო. "ქმარს რომ ღალატობდი, მაშინ სად იყავი", - მიმართა მინდიკაურმა მაგდა პაპიძეს.
დაპირისპირების გამო მოსამართლემ ბრალდებულის დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა, რის გამოც პროცესი მცირე ხნით შეჩერდა.