მსახიობი სოფია სებისკვერაძე ზაზა ურუშაძის ფილმში გადასაღებად ემზადება, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს - დიდ ეკრანზე მუსიკის მასწავლებლის ამპლუაში გამოჩნდება... სოფია კომედიურ სერიალშიც - "ნიკა და ლიკა" მონაწილეობს... "პირველი ამბების" გახსენებამდე, ამ სერიალზეც ვისაუბრეთ.
- სერიალში ჩემი განსახიერებული პერსონაჟებისგან განსხვავებულ როლს ვასრულებ. ამ მხრივ, მასში მონაწილეობა ძალიან საინტერესოა. მე და პაატას წინათ არასოდეს გვითანამშრომლია. როცა მსახიობები ერთმანეთს არ იცნობენ და მთავარ როლებს ასრულებენ, ეს ცოტა რთულია, მაგრამ ჩვენი "შეთამაშება" მარტივად მოხდა: როგორც მსახიობები, ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. თავს კომფორტულად ვგრძნობ.
- თქვენს გმირთან - ლიკასთან რა საერთო გაქვთ?
- ძირითადად, ლიკა ჩემგან განსხვავებულია, მაგრამ საერთოც გვაქვს: გათხოვილი მეც ვიყავი. თუმცა, მე უფრო დამყოლი ცოლი გახლდით...
- "ნიკა და ლიკას" პირველი სერიის პირველი ეპიზოდის გადაღება გაიხსენეთ...
- ალბათ, ვღელავდი, რადგან პირველი იყო. სიუჟეტი ზუსტად არ მახსოვს - საკმაოდ ბევრი სერია გადავიღეთ. საერთოდ არ მქონია იმის განცდა, რომ არავის ვიცნობდი - სერიალზე ძალიან კარგი ხალხი მუშაობს. თან, ჩემ გარშემო სრულიად უცნობი ადამიანებიც არ ყოფილან: მაგალითად, მეზობლის როლის შემსრულებელს - კობა ბარათელს ბავშვობიდან ვიცნობ. მოგეხსენებათ, ქუთაისში დავიბადე. იქ მე და კობას კონცერტებში, საღამოებში ერთად მიგვიღია მონაწილეობა. სერიალის "სტაფიდან" კიდევ ბევრს ვიცნობდი. მოკლედ, ჯგუფმა ყველანაირად ხელი შემიწყო, რომ გადაღება დაძაბულობის გარეშე დასრულებულიყო.
- პირველი შეხვედრა ეკრანულ ქმართან - პაატა გულიაშვილთან...
- ეს მაშინ მოხდა, როდესაც სერიალის კასტინგზე მეორედ დამიბარეს. პირველ კასტინგზე "მამაჩემის" ცოლის როლი შევასრულე. სერიალში ან "მამაჩემის" ცოლი უნდა ვყოფილიყავი, ან - შვილი. მეორედ უკვე შვილის როლზე გამსინჯეს. კასტინგი პაატასთან ერთად გავიარე. მივხვდი, რომ მოეწონათ.
- პირველი რეაქცია, როცა საკუთარი თავი ლიკას როლში ეკრანზე იხილეთ...
- ვნერვიულობდი, როგორი გამოვიდოდა. პირველ სერიას შვილთან ერთად ვუყურე. მისი რეაქციებიდან მივხვდი, რომ ამ პროექტში მონაწილეობა ღირდა. თან, თითქოს მარის გემოვნებას ვენდობი - ყველაფერს კარგად აფასებს. სერიალის ყურებისას ბევრჯერ გაეცინა.
- პირველი სერიოზული გადაწყვეტილება ცხოვრებაში...
- თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ოჯახში ყველამ იცოდა, რომ მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში, დედას ჩემი არჩევანი არ მოსწონდა. მეუბნებოდა, რომ მე არც ვემზადებოდი, არავის ვიცნობდი და შეიძლებოდა, ვერ ჩამებარებინა, რის გამოც გული მეტკინებოდა. მაინც დავიჟინე, - უნდა ვცადო-მეთქი. საგამოცდო პროგრამაც კი არ ვიცოდი, ისე მივედი გამოცდაზე. მხოლოდ სარკის წინ მომზადებული იგავ-არაკები, მოთხრობებიდან ნაწყვეტები, ლექსები ვიცოდი. სხვათა შორის, ძალიან კარგი ნიშნები მივიღე და "უფასოზე" მოვხვდი. იმ დღეებში ისე ვნერვიულობდი, რომ მაღალი სიცხე მქონდა. გამოცდებზე ჩემი მეგობარი - თამუნა გოგელიძე დამყვებოდა. მერე, დედაჩემი რომ მიხვდა, ვაბარებდი, ბოლო გამოცდაზე ისიც მოვიდა...
- სინანულის პირველი განცდა...
- სამსახიობო ფაკულტეტი რომ დავტოვე და ხელოვნებათმცოდნეობაზე გადავედი. თუმცა, იქაც უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი, ხელოვნების შესახებ ბევრი რამ ვისწავლე... ვინანე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოში არ ვცხოვრობდი - ჩემს ქმართან ერთად, კიევში ვიყავი, იქ კი არაფერს ვაკეთებდი - ჩემი პროფესიით არც ვმუშაობდი, არც ვსწავლობდი. მოკლედ, 7-8 წელი დავკარგე...
- პირველი მეგობარი...
- ქუთაისში ერთ გოგოსთან - სალომე ბაშალეიშვილთან ვმეგობრობდი. სულ ერთად ვიყავით, ვთამაშობდით, ვკითხულობდით. ერთად ვიზრდებოდით. ახლა ახლო ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ ყოველთვის კარგად მახსენდება... განაგრძეთ კითხვა