მაგდა პაპიძე შენ მკვლელი ხარ, - ასე მიმართა ომარ ქაფიაშვილის დედამ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე.
სასამართლო სხდომაზე პოზიციის დაფიქსირებისას მასსა და მაგდა პაპიძეს შორის შელაპარაკება მოხდა. დარეჯან მინდიკაურმა მოითხოვა მაგდა პაპიძეს სამუდამო პატიმრობა შეეფარდოს, რადგან მან "საკუთარი შვილი საკუთარი ხელებით გაგუდა". ამის საპასუხოდ მაგდა პაპიძემ დედამთილს ჰკითხა - როდის და სად დაინახა, რომ შვილს გუდავდა, რასაც დარეჯან მინდიკაურის რეპლიკა მოჰყვა, რომ პაპიძე "მკვლელია".
"მაგდა პაპიძე შენ ხარ მკვლელი. მოვითხოვ სასამართლოსგან, რომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. მაინტერესებს, მაგდა, 6 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც თუ გაგახსენდა თოკო, ერთხელ მაინც თუ დაგსიზმრებია? შენ საკუთარი შვილი საკუთარი ხელებით გაგუდე", - მიმართა მაგდა პაპიძეს დარეჯან მინდიკაურმა.
მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარეობს.