ჟურნალისტის გონება რომ დანარჩენი პროფესიის ადამიანებისგან განსხვავებულადაა მოწყობილი, ამაში ვინ იცის, უკვე მერამდენედ დავრწმუნდი. მაგალითად, როცა მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დავესწარი, იმის ნაცვლად, რომ ლოცვისთვის მომესმინა და ჩემი მიცვალებულების სიმშვიდე შემევედრებინა უფლისთვის, როგორც კი მოძღვარმა მიწოდებული ფურცლებიდან სახელების ამოკითხვა დაიწყო და პირველივე უცნაური სახელი - ამერიგო დავაფიქსირე (ვითომ დიდი ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად დაარქვეს ცხონებულს, ქართული რეალობისთვის უცნაური სახელი?), ყურები ვცქვიტე და მხოლოდ ჩამოთვლილი სახელების შერჩევა-გადარჩევაში გავატარე დარჩენილი დრო. ლოცვის დამთავრების შემდეგ კი სული წავიწყმიდე და მოძღვარს, რომელსაც კარგად ვიცნობ, შევეხვეწე, ჭირისუფლების მიერ დატოვებული მოსახსენიებელი ფურცლებისთვის თვალის შევლების უფლება მოეცა...
ყოველთვის გაწონასწორებულმა მოძღვარმაც კი ვერ შეიკავა თავი, გაეღიმა და ვითომ დამტუქსა: ასე ყველაფრის გამასხარავება როგორ შეიძლება, შე შეჩვენებულო, სხვა გასართობი ვერსად ნახეო?!
- გასართობად კი არა, იმისთვის ვწერ ასეთ რამეებზე, სხვებმა რომ გაითვალისწინონ და შვილები ასეთი სახელებისთვის არ გაიმეტონ...
- საბედნიეროდ, ახლა დრო შეიცვალა და პატარებს ძირითადად, წმინდანების სახელებს არქმევენ! - მითხრა მამა გიორგიმ და ნება დამრთო, ფურცლებისთვის გადამეხედა. პირჯვარიც გადამსახა და გამაფრთხილა, - ოღონდ, ზედმეტი არ მოგივიდეს, იცოდე, მოზომილად დაწერე...
რა თქმა უნდა, შევეცდები, ფრთხილად, მოზომილად ვწერო და თუ ვინმეს მაინც გულზე მოხვდება ჩემი ნათქვამი, მაპატიოს, რადგან დაცინვით კი არ ვაკეთებ კომენტარებს, უბრალოდ, გაოცებული ვარ უსაზღვრო ფანტაზიით. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ უნდა დაერქმიათ შვილისთვის პოდვოგონი ან - ქალი იყო ამ სახელის მატარებელი თუ მამაკაცი? "პოდ ვაგონ" - თუ რუსულიდან ვთარგმნით, ქართულად "ვაგონის ქვეშ მყოფს" ნიშნავს და დავიჯერო, მხოლოდ იმიტომ "დასაჯეს" ბავშვი ასეთი სახელით, რომ ვაგონის ქვეშ მოხდა მისი ჩასახვა?!.
ვილენი ადრეც გამიგონია - ჩემი მათემატიკის მასწავლებელს ერქვა და იმან აგვიხსნა: მამაჩემი ინსტიტუტში კომუნისტური პარტიის ისტორიას ასწავლიდა და დიდი ლენინის სიყვარულით შემარქვა მისი სახელის აბრევიატურაო: ვლადიმერ ილიჩ ლენინ...
ჩემი მათემატიკის მასწავლებელს რომ ეცოცხლა, ოთხმოცს გადაცილებული ბერიკაცი იქნებოდა ახლა და ალბათ, ეს ორი ვილენიც, ახლა რომ იხსენებდნენ შთამომავლები, მისი თაობისანი იქნებოდნენ... განაგრძეთ კითხვა