ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ ქუჩას დღეს, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭება.
ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.
დღესვე, 23:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში დაღუპულთა სახელზე დარგულ ხეებთან, სტიქიის დროს გარდაცვლილი მოქალაქეების ხსოვნას პატივს მიაგებს.
დაღუპული მეხანძრე-მაშველისა და მაშველის ოჯახი ერთჯერადად 100 ათას ლარიან დახმარებას მიიღებს, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად 1000-ლარიან შემწეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“შარშან ამ დღეს დაიღუპა მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 8 ადამიანი გადაარჩინა დაღუპვას და საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ადამიანების გადარჩენას. სიმბოლურია, რომ დღეს, ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე ჩვენ ვიხილავთ მეხანძრე-მაშველებისა და მაშველებისთვის სამართლებრივი და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტს გაუმჯობესების კუთხით, სადაც მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპვის შემთხვევაში, ზუსტად ისე, როგორც პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცამა 100 ათასი ლარი, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად 1000 ლარიანი შემწეობა დაღუპულის ოჯახისათვის. ჩვენ უნდა ვუსურვოთ ყველა მათგანს მშვიდობიანი მოღვაწეობა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ამ დონეზე აყვანა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ინიციატივა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ეკუთვნის.
2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაუღუპა, 2 უგზო-უკვლოდ დაკარულად ითვლება.
13 ივნისის ღამეს მდინარე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა, მათ შორის, „მზიური“, ზოოპარკი, სვანიძის ქუჩა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, 2 დღემდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა ასევე ზოოპარკის ბინადარი 300-მდე ცხოველი და ფრინველი, დაინგრა ვაკე-საბურთალოს შემოვლითი გზა, კერძო სახლები, მანქანები, დაიტბორა კორპუსების პირველი და მეორე სართულები.