AMBEBI.GE-ს სპეც-პროექტი: 1 წელი 13 ივნისის სტიქიიდან...

AMBEBI.GE-ს სპეც-პროექტი: 1 წელი 13 ივნისის სტიქიიდან...

დღეს, 13 ივნისს თბილისის დამანგრეველი სტიქიიდან ერთი წელი გავიდა...


დღე, რომელმაც თბილისი შეცვალა... ტრაგედიის ღამე, რომელიც იმედის დღით გათენდა. ადამიანები, რომელთა სახეები, სახელები და ისტორიები თბილისის სტიქიის დღეებში დავიმახსოვრეთ… AMBEBI.GE-ს მულტიმედია პროექტი "1 წელი 13 ივნისის სტიქიიდან" ამ ადამიანებს და მათ ისტორიებს გაგახსენებთ...

ერთადერთი ოჯახი, რომელიც სვანიძის ქუჩაზე დარჩა…


სვანიძის 16 ნომერში მცხოვრები ზუმბულიძეების ოჯახი ერთადერთია, რომლებსაც საკუთარი სახლი სტიქიის შემდეგ ერთი დღით არ დაუტოვებია.


ზუმბულიძეები სვანიძის ქუჩაზე 1960 წლიდან ცხოვრობენ. აქ ოჯახის ოთხი თაობა გაიზარდა. "13 სული ვართ, აქ ვცხოვრობდით და აქ ვართ. არ გვინდოდა აქაურობის მიტოვება, რაც გადარჩა იმას ვუფრთხილდებოდით" - გვეუბნება ოჯახის დიასახლისი ხათუნა ზუმბულიძე.


"ყველაზე მძაფრად 13 ივნისის ღამიდან ის მახსენდება, რომ სამი პატარა გვყავდა სახლში, უფროსი 3 წლის, ტყუპები - ორის და მთავარი იყო ისინი გადაგვერჩინა. წყალი სახლის მეორე სართულამდე ამოვიდა, ყველაფერი დატბორა და გასასვლელი არსად იყო, ამიტომ ტერასებით გადავედით სახლიდან. აღმართზე მივდიოდით ჩემი ოჯახი, სამი პატარით და ჩვენი მეზობლები, ვინც მოასწრეს ჩვენამდე მოსვლა. გზაზე არაფერი ჩანდა - წვიმა, სიბნელე, ტალახი, ერთმანეთს ვეძახდით, - ხომ ყველა მოდის, ვინმე ხომ არ წაიქცა და დახმარება ხომ არ სჭირდებაო" - იხსენებს დამანგრეველი სტიქიის ღამეს ხათუნა ზუმბულიძე.


ქუჩაზე, სადაც სტიქიამ 6 ადამიანი შეიწირა და 20 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, დანგრეული სახლების ადგილას, ახლა დიდი ცარიელი ადგილია. ახალდაგებული ასფალტი და ელექტროგადამცემი ბოძები როგორც ჩანს, რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მუშები ახლაც მუშაობენ დანგრევას გადარჩენილი სახლების გამაგრებაზე. ზუმბულიძეები რამდენიმე თვეში მარტო აღარ იქნებიან. სამ ოჯახს სახლებს ურემონტებენ და მალე ისინი საკუთარ ფუძეზე დაბრუნებას შეძლებენ.


"ამ სტიქიამ ბევრი რამე შეცვალა. დამანახა რომ უნდა იბრძოლო და არ გაჩერდე. ამ სტიქიამ დამანახა კარგიც და ცუდიც, რომ გგონია შენთვის ვიღაც კარგია, თურმე ტყუილად და პირიქით... ადამიანების სიკეთე დავინახე. ვინც გვეხმარებოდა, ან ვინც ვერ მოდიოდა და გვირეკავდა, ჩვენზე დარდობდა... უბედურების დროს მარტო ყოფნა ყველაზე ძნელია და ამ სტიქიის დღეებში ჩვენ არ ვიყავით მარტო. როცა, ვფიქრობდი, რომ მე და ჩემს ოჯახს აღარაფერი დაგვრჩა, თავიდან უნდა დავიწყოთ ცხოვრება, მაგრამ არ ვიცით საიდან, ამ დროს დავინახეთ, რომ ხალხი გვეხმარება და საიდანღაც დავიწყეთ..."

ბეგი - სიცოცხლის სიმბოლო


ფოტოკამერას აღარ უფრთხის, მის წინ პოზირებას მიეჩვია კიდეც. თბილისის სტიქიის დღეებში ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოთი ტრაგედიის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, მისი ფოტოები წამყვანი გამოცემების მთავარ გვერდებზეც კი დაიბეჭდა.


ბეგი თბილისის ზოოპარკში 1999 წლიდან ცხოვრობს. ახლა ის 20 წლის არის (ბეჰემოთები 40-50 წელს ცხოვრობენ) და "დასაქორწინებლად" საუკეთესო პერიოდი აქვს, თუმცა ჯერჯერობით მისთვის პარტნიორს ვერ პოულობენ. ასე რომ, ბეგი მარტოა...


"ჩვენმა ბეგიმ (ბეგლარს მოფერებით ვეძახით), 13 ივნისის ღამეს საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა. თავის ვოლიერიდან გმირთა მოედანზე აღმოჩნდა. ვაჟკაცურად იბრძოლა და სულაც არ იყო დაზიანებული, არაფერი დაშავებია. ბინძურ, მორებით სავსე და შლამიან-ტალახიან წყალში მოუხდა ცურვ, თუმცა იმ ორომტრიალიდან გამარჯვებული გამოვიდა! მართლაც სიცოცხლის სიმბოლოდ იქცა. მისი შემყურე, მივხვდით, რომ ზოოპარკს დახურვა დ განადგურება არ ემუქრება!" - ამბობს დავით თაქთაქიშვილი, ზოოპარკის დირექტორის მოადგილე.


სტიქიის შემდეგ, იძულებულები გახდნენ სპილოები შეევიწროვებინათ და ბეგისთვის მათი ვოლიერის ნაწილი დაეთმოთ. სპილოებმა ახალი მეზობელი მიიღეს, თუმცა ბეგი მათ აუზში ცოცხალი თავით არ ჩადიოდა. ამიტომ, დღის განმავლობაში, ზოოპარკის თანამშრომლებს რამდენჯერმე უწევდათ მისთვის წყლის "შლანგით" დასხმა. ბოლოს კი გაირკვა, რომ ბეჰემოტი თურმე ღამით ჭყუმპალაობდა აუზში. როდესაც ამ "უმსგავსო" საქციელის შესახებ შეიტყვეს, მომვლელები წყალს აღარ ასხამდნენ და ბეგიც იძულებული გახდა, აუზში დღის განმავლობაშიც ჩასულიყო. ახლა მას საკუთარი ვოლიერი აქვს, დიდი აუზით...


13 ივნისის ტრაგიკულ ღამეს ზოოპარკის სამი თანამშრომელი და 270 ცხოველი ემსხვერპლა. განადგურდა პარკის თითქმის ნახევარი ტერიტორია, მოიშალა ინფრასტრუქტურა.


ადგილი, რომელიც ზოოპარკის სიცოცხლის კუთხედ მიიჩნეოდა და სადაც სტიქიის დროს დაღუპული ძიძა - გულიკო ჭიტაძე ცხოველთა უმწეო ნაშიერებს ბავშვებივით ზრდიდა, სწორედ ის კუთხე, რომელიც სიცოცხლის გასაგრძელებელ ადგილად მიიჩნეოდა, იმ ავბედით ღამეს სიკვდილის სიმბოლოდ იქცა... ამიტომ, გადაწყდა, იმ დანგრეულ ნაწილში არაფერი გაკეთებულიყო. ამ ნაწილში მერიამ სარეკრეაციო ზონა გააშენა, ზოოპარკის ქვედა ნაწილში ამიერიდან მწვანე ზოლი იქნება...


…დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, ზოოპარკის ხელახლა გახსნა 13 სექტემბერს მოხერხდა. მოგვიანებით, ზოოპარკის დირექტორს ზურაბ გურიელიძე გაახსენდა სიმბოლური დამთხვევა - 13 სექტემბერს გულიკო ჭიტაძის დაბადების დღე იყო...

მოხალისე ტაქსისტობიდან გამგეობის თანამშრომლამდე


"უფასო ტაქსი მოხალისეებს" - ავტომანქანა ამ წარწერით, სვანიძის ქუჩაზე სტიქიიდან მესამე დღეს გამოჩნდა. მას 25 წლის გიორგი ლომიძე მართავდა. საკუთარი ავტომობილით გიორგი უსასყიდლოდ ემსახურებოდა დაზარალებულებსა და მოხალისეებს, რომლებიც ვერეს ხეობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ. ასე გაიცნეს და შეიყვარეს თბილისელებმა "მოხალისე ტაქსისტი".


"ჩვენს ქვეყანასა და ქალაქში რა გასაჭირი არ ყოფილა - ომები, სტიქიური უბედურებაც, მაგრამ რაც 13 ივნისს დატრიალდა, მსგავსი არაფერი მახსოვს. მაგრამ იმ ტრაგედიას დადებითი მხარეც აღმოაჩნდა - იმ დროს ერთად შეკრული ერი დავინახეთ. ახალგაზრდებმა, რომლებზეც მანამდე ამბობდნენ, ამათი იმედი არ უნდა გვქონდესო, თავი გამოიჩინეს. მთელი ერი გვერდიგვერდ იდგა. აქედან გამომდინარე, 13 ივნისს ბევრი ადამიანი დაუკავშირდა, მათ შორის მეც. ჩემს საქციელს პატარა სიკეთე ვუწოდოთ, რადგანაც საქართველოს ბევრი ნამდვილი გმირი ჰყოლია და უხერხულია, მე გმირი მიწოდონ", - გვეუბნება გიორგი.


დღევანდელი დღესავით ახსოვს, რა ხდებოდა სტიქიის ზონაში, როგორი მტკივნეული და ტრაგიკული იყო სტიქიის შედეგები და შემდეგი დღეები... "სანამ მოხალისეები იქ იყვნენ, მეც ვიყავი ბოლომდე, ყოველი დღე ემოციური იყო და ახალი სიტუაციებით სავსე. მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, უდიდესი როლი სამაშველო სამსახურმა ითამაშა, საპატრულო ეკიპაჟებმა, სასწრაფო დახმარებამ და მოხალისეებმა. ყველამ შეუფასებელი სამუშაო გასწიეს", - იხენებს "მოხალისე ტაქსისტი" სტიქიის შემდგომ დღეებს.


ბევრმა არ იცის, იმის მიზეზი, თუ რატომ არჩია გიორგიმ ფიზიკურ მუშაობას ტაქსით მომსახურებოდა სხვებს. რამდენიმე წლის წინ, უცნობი ნეფროსკლეროზი დაუდგინდა. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში დიალიზზე იყო, შემდეგ ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. გიორგის დონორი მისივე მამა გახდა. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შარშან ნიჩაბზე მოხალისეობას, მოხალისე ტაქსისტობა არჩია, - მისთვის ფიზიკური შრომა მაინცდამაინც არ არის რეკომენდებული. "ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მიწყობდა ხელს, რომ ნიჩაბზე, ფიზიკურად მემუშავა და უფასო ტაქსიც ამის შედეგი აღმოჩნდა. როგორც შევძელი, ადამიანებს ისე დავეხმარე".


ამ საქციელისა და მოქალაქეობრივი შეგნებისთვის იმ დღეებშივე, გიორგი ნაძალადევის გამგეობაში დაასაქმეს, რის შემდეგაც "ტაქსისტობა" შეწყვიტა, რითაც მანამდე არჩენდა ოჯახს... იმას, რომ 13 ივნისის სტიქია მის ცხოვრებას ასე შეცვლიდა, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. "რაც ჩემს ცხოვრებაში მას მერე მოხდა, ღვთის წაყალობად მივიჩნევ. რა თქმა უნდა, რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. პრინციპში, ის ვარ, რაც ვიყავი, მაგრამ ფაქტია, რომ გაცილებით უკეთესი სამსახური მაქვს და მოვალეობას პასუხისმგებლობით ვასრულებ" - ამბობს გიორგი.

ალბათ ერთმანეთის შეყვარება ვერც მოასწრეს...


27 წლის სერგო კაპანაძე ერთ-ერთია იმ ორი ადამიანიდან, რომლებიც 13 ივნისის სტიქიის ღამეს გაუჩინარდნენ. სერგოს კვალი ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე იკარგება და სტიქიიდან ერთი წლის შემდეგაც, მის შესახებ ოჯახმა არაფერი იცის...


"ერთი წელია თვალზე ცრემლი არ შემშრობია, ერთი წლის იყო როცა დაობლდა და მას მერე ხელი აღარ გამიშვია. მე ვზრდიდი…" - ამბობს სერგოს დეიდა ნინო თევდორაძე. სერგო კაპანაძეს ტრაგიკული ისტორია აქვს. 1 წლის იყო როცა დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ობოლ ბიჭუნას ბებია, ბაბუა, დეიდა და ბიძა ზრდიდნენ.


"ობოლი ბავშვი იყო და მეტი პასუხისმგებლობა მქონდა მის მიმართ. არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ ჩემთვის შვილზე მეტი იყო. ყველგან ერთად დავდიოდით, ყოველთვის ვუყვებოდი დედამისზე. მასაც ჩემი დისნაირი არტისტული ბუნება ჰქონდა. გარეგნულად ულამაზესი, მწვანეთვალება ბიჭი იყო. მე შევქმენი ეს ბავშვი. 17 წლისამ თბილისში წასვლა გადაწყვიტა მამის გასაცნობად და წავიდა. ურთიერთობა ჰქონდა თავის და-ძმასთან. თბილისში დაიწყო მუშაობა, ათი წელი ხან ერთ მეგობართან ცხოვრობდა, ხან მეორესთან. შემდეგ პრობლემები შეექმნა სამსახურში, ვალები დაედო, რასაც ძალიან განიცდიდა და ქუთაისში დაბრუნდა. მოსკოვში გამგზავრებას აპირებდა, ამბობდა იქ ვიმუშავებ, ვალებს გადავიხდი და უკან დავბრუნდებიო, მაგრამ მისი გეგმები შეიცვალა..."


სერგოს წასვლის გეგმები ლიზა ზარანდიამ შეცვალა. თბილისში მეგობართან ჩამოსულმა, ლიზა გაიცნო და გადაწყვიტა სამუშაოდ ისევ თბილისში დარჩენილიყო. ლიზას და სერგოს ერთი თვის გაცნობილი ჰყავდათ ერთმანეთი. მათი მომავალი 13 ივნისს ადიდებულმა ვერემ სამუდამოდ შეცვალა...


"ძალიან უნდოდა ცოლის მოყვანა, შვილები, მაგრამ არ დასცალდა. 4 ივნისს აპირებდა ქუთაისში დაბრუნებას, ჩემი ძმისშვილი "მარშუტკით" იყო წამოსული შვილებთან ერთად და მათთან ერთად უნდა დაბრუნებულიყო ქუთაისში, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. უთქვამს აქ მუშაობას ვიწყებ და ცოტა ხნით ისევ დავრჩები თბილისშიო. როგორც მერე გავიგე, იმ დღეს ლიზას დის და მისი შეყვარებულის გასაცნობად გავიდა სახლიდან. ერთი თვის გაცნობილი ჰყავდა ლიზა, ალბათ ერთმანეთის შეყვარება ვერც მოასწრეს..."


ნინო თევდორაძეს ერთი წლის მანძილზე ერთი წუთით არ დაუკარგავს დისშვილის პოვნის იმედი: "ახლაც მაქვს სკამზე გადაკიდებული მისი ტანსაცმელი, რომელსაც სერგოს სითბო აქვს შერჩენილი. ბაბუამისმა დღემდე არ იცის სერგოს ამბავი. სადღაც მიხარია კიდეც, მკვდარი რომ არ მინახავს. მოხერხებული ბიჭი იყო და ვფიქრობ იქნებ გადარჩა, რაღაც მოხვდა თავში და ამნეზია დაემართა... ყოველდღე იმ იმედით შევდივარ ინტერნეტში, რომ ან თავად ან სხვა ვინმე მომწერს, რომ ჩემი სერგუნა ცოცხალია. აღარ ვიცი, ის ჯობია ზარანდიების დედამ რომ იცის, შვილები მკვდარი ჰყავს, თუ ჩემს მდგომარეობაში ყოფნა..."


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი