საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში პირველი შეხვედრა გამართა. "ბორჯღალოსნები" სამოას დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ფრედ, 19:19 დასრულდა.
აპიას "პარკ სთედიუმზე" გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 9:6 მოიგეს - სამი საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა.
შესვენების შემდეგ სამოელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი მატჩის პირველი ლელოც დადეს და ანგარიშში 16:9 დაწინაურდნენ.
ამას "ბორჯღალოსნებმა" გიორგი თხილაიშვილის ლელოთი უპასუხეს, კვირიკაშვილმა კი გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა.
დარჩენილ დროში გუნდებმა კიდევ თითო ზუსტი საჯარიმო შეასრულეს, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა - 19:19
საქართველოს ნაკრები, პირველად თავის ისტორიაში, ოფიციალურად ჩაება ზაფხულის ტესტ-სერიაში და ტურნეს ოკეანეთში მართავს. მილტონ ჰეიგის გუნდი სამოადან ფიჯიზე გადაინაცვლებს, სადაც 18 ივნისს ტონგას ნაკრებს, 24-ში კი მასპინძელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.