საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღე იქნება, სწავლა შემდგომ პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.
საქართველოს ყველა სკოლაში სწავლის დაწყების ერთიანი თარიღი "ზოგადი განათლების შესახებ" კანონით განისაზღვრა, რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო. კანონი 2017 წლიდან შედის ძალაში.
როგორც პროექტის ავტორი ნუკრი ქანთარია განმარტავს, ყველა სკოლისათვის სწავლის დაწყების ერთიანი თარიღის განსაზღვრა მოსწავლეთა თანაბარ უფლებრივ მდგომარებას უზრუნველყოფს.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონის მიხედვით სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი. იმის გამო, რომ კერძო სკოლაში სწავლის დაწყების თარიღი კანონით დადგენილი არ არის, მათ უმრავლესობაში სწავლა იწყება უფრო გვიან, ვიდრე საჯარო სკოლაში. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად, საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების თარიღად გასაზღვრულია 15 სექტემბერი. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვს 6 წელი საჯარო სკოლებში სწავლის დაწყების შემდეგ, რამდენიმე დღეში უსრულდება და ეკონომიკურად შეძლებულ მშობელს ბავშვი სასწავლებლად კერძო სკოლაში შეჰყავს, რასაც სხვა ბავშვების დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს და იძულებულია შემდეგი სასწავლო წლის დაწყებას დაელოდოს. ამის გამო ბავშვები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან. სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია, თუ კანონით განისაზღვრება სწავლის დაწყების ერთიანი თარიღი საქართველოს ყველა სკოლისათვის. გარდა ამისა, თუ კანონით განისაზღვრება სწავლის დაწყების თარიღი, რომელიც დიდი ხნით ადრე ეცოდინება მოსახლეობას, მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ უკეთ მოამზადონ ბავშვები სასწავლო წლის დასაწყებად", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, განისაზღვრება საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების ერთიანი თარიღი - 15 სექტემბერი. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს განსხვავებული სასწავლო წლის დაწყებისა ან დასრულების თარიღი შემდეგ შემთხვევებში: - "ზოგადი განათლების შესახებ" კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას, სკოლებში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას, ასევე კერძო სკოლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.