საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.
წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩეხეთიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდა. ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემატურ საკითხებს განიხილავს. წმინდა სინოდმა მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის მოსამზადებლად საკითხები 25 მაისის სხდომაზე უკვე განიხილა.
"წმინდა სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ეკლესია წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს კრების დასრულების შემდეგ მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა განუცხადა.
"არის ისეთი ფუნდამენტალური საკითხები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და რომელსაც არ ითვალისწინებენ. კონკრეტულად თუ რა არის ეს საკითხები, საპატრიარქო განცხადებას შემდეგ გააკეთებს", - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა. სავარაუდოდ, განჩინების ოქმი დღესვე გამოქვეყნდება.
მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა.
მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდ კრებაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.
ასევე წაიკითხეთ: დიდი განხეთქილება მართლმადიდებელ სამყაროში და საქართველოს ეკლესიის პოზიცია