თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოსთქვამენ.
გთავაზობთ ნაწყვეტებს საქმის პროკურორის ელენე ჩხაიძის სიტყვიდან: "მაგდა პაპიძეს შეუყვარდა ბერძენიშვილი და გადაწყვიტა ცხოვრების თავიდან დაწყება. ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა ოთარ ბერძენიშვილთან და უნდოდა მისი ცოლი გამხდარიყო. ცდილობდა მისგან დაორსულებას, რომ ახალი ოჯახი შეექმნა. მას არ სურდა, ქმარ-შვილის მიმტოვებელი ქალის სახელი ჰქონოდა, ამიტომ ყველაზე სასტიკი გზა აირჩია და გადაწყვიტა, ეს გაეკეთებინა ისე, რომ მკვლელობა სხვას დაბრალებოდა და თვითონ მგლოვიარე ცოლის სახელი ჰქონოდა".
პროკურორის ინფორმაციით, "ის ჯერ ყიდულობს უროს, რომლითაც გადაწყვეტილი აქვს ქმრისა და შვილის მკვლელობა... ოთარ ბერძენიშვილის ჩვენების მიხედვით, იმავე დღეს, მაგდა პაპიძე ხვდება ოთარ ბერძენიშვილს და აფრთხილებს, რომ მის მეუღლეს აქვს ვიღაც კაცებთან პრობლემები, შესანახად გადასცემს თავის ოქროულობას და მობილურ ტელეფონს და აფრთხილებს, რომ იმ დღეს ოთარმა არ დაურეკოს. პარალელურად, ალიბი რომ შეიქმნას, თურქეთში უგზავნის დედას მესიჯს, რომ ომარმა ხელი დაარტყა, წაიღო ოქრო და წავიდა..."