ყველაზე ადრე ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია შეიძლება სექტემბერში მიიღონ. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის თანახმად, ამის შესახებ ევროპელი ჩინოვნიკები და დიპლომატები აცხადებენ.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოლოდინი, რომ უვიზო რეჟიმს ზაფხულისთვის მიიღებდა, გაქრა იმ ახალი პრობლემების ფონზე, რომელიც ევროკავშირის ბლოკის უმსხვილესმა წევრებმა წამოჭრეს.
ბერლინის შეშფოთებას იწვევს გერმანიაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებები, საფრანგეთში კი მიიჩნევენ, რომ ტერორისტული საფრთხეების ფონზე, უვიზო რეჟიმი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემისთვის ახალ გამოწვევებს შექმნის.
Wall Street Journal-ის ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის გადადება შეასუსტებს საქართველში პროდასავლურ ძალებს, რომლებიც „მტრულად განწყობილ რუს მეზობელს ებრძვიან“.
გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ხელისუფლებამ 8 ივნისს მიმართა ევროკომისიას თხოვნით, წარადგინოს ანგარიში ქართველი კრიმინალების დანაშაულზე ევროკავშირის ტერიტორიაზე.
თავის მხრივ, საფრანგეთი და იტალია ითხოვენ, რომ ვიზალიბერალიზაციამდე უნდა დამტკიცდეს ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყანას უვიზო რეჟიმი გამარტივებული პროცედურით შეუჩეროს. ამ მექანიზმის შემოღება კი სექტემბრამდე მოსალოდნელი არ არის.