"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დირექტორებისთვის პროფესიული განვითარების კურსებს იწყებს. "ლიდერობის აკადემია" საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის გაფორმებული კომპაქტის მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილია, რომელიც მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიულ განვითარებას გულისხმობს.
"ლიდერობის აკადემია" სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს და სამი ეტაპისგან შედგება. როდიდან დაიწყება დირექტორების გადამზადება, რა ტიპის მოდულებს გაივლიან და რომელ უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ სკოლის მენეჯერები, ამასთან დაკავშირებით, AMBEBI.GE მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროექტის მენეჯერს ირინა აბულაძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ირინა, როგორც ცნობილია, პროფესიული განვითარების კურსებს საქართველოს მასშტაბით ყველა დირექტორი გაივლის. როდიდან დაიწყება ტრენინგების პირველი ციკლი და რამდენი დირექტორი ჩაერთვება პროგრამაში პირველ ეტაპზე?
- "ლიდერობის აკადემია" პროფესიული განვითარების მრავალ აქტივობას აერთიანებს, რომელიც ტრენინგებს, სასწავლო შეხვედრებს, რესურსების გაზიარებას გულისხმობს. გრძელვადიანი კურსი სამი ეტაპისგან შედგება და თითეული მათგანი რამდენიმე მოდულსა და პროფესიული განვითარების აქტივობას მოიცავს. "ლიდერობის აკადემია" ორიენტირებულია დირექტორებისთვის როგორც თეორიული ცოდნის მიცემაზე, ასევე ამ ცოდნის პრაქტიკაში ეფექტიანად დანერგვაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი ტრენინგით არ მთავრდება. დირექტორები სკოლებში ბრუნდებიან, ადგილზე ნერგავენ ახალ გამოცდილებას და შემდეგ, სასწავლო შეხვედრების ფარგლებში ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. გადამზადების პროცესის პირველი ეტაპი 2016 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში დაიწყება, 2017 წელს განხორციელდება მეორე ეტაპი, ხოლო 2018 წელს, მესამე ეტაპით პროექტი დასრულდება. "ლიდერობის აკადემიის" სასწავლო შეხვედრებისთვის, საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტი ლოკაცია შეირჩევა - ძირითადად სკოლები. ტრენინგები კი არდადეგებსა და შაბათ-კვირას ჩატარდება. აღნიშნული ტრენინგებს პირველ ეტაპზე, საჯარო სკოლის 1900-მდე დირექტორი გაივლის.
- რა არის პროექტის მთავარი მიზანი?
- პროექტის მთავარი მიზანი მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ინგლისურსა და გეოგრაფიაში. დირექტორი კი, ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი ფიგურაა, რამდენადაც, ის უნდა იყოს სკოლის ლიდერი სასწავლო მიმართულებით. მიდგომა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მთლიანად ცვლის დამოკიდებულებას და მოლოდინს დირექტორის მიმართ.
- რომელი უნარების განვითარებაზე იქნება პროგრამა ორიენტირებული?
- სტანდარტი დირექტორისგან არამხოლოდ მენეჯერულ მიდგომას, არამედ სასწავლო პროცესის უფრო სიღრმისეულ ცოდნას და სხვა მრავალფეროვან უნარ-ჩვევებს მოითხოვს. მან კარგად უნდა იცოდეს სკოლის მართვის ყველა მიმართულება, პირველ რიგში, სწავლა-სწავლების პროცესის სხვადასხვა ასპექტები. მით უმეტეს, ახალი სქემა ითვალისწინებს დირექტორების მიერ მასწავლებლის საქმიანობის დაკვირვებას და განმავითარებელი შეფასებების მიცემას. ამ თვალსაზრისით, დირექტორის როლი კიდევ უფრო გაიზარდა.
- რომელ მოდულებს გაივლიან დირექტორები პროფესიული განვითარების კურსების ფარგლებში?
- საუბარია 11 მოდულზე. საერთო ჯამში, ორი წლის განმავლობაში, დირექტორის პროფესიული განვითარებისთვის 200 საათია განსაზღვრული. აქცენტი გაკეთებულია დირექტორზე, როგორც სკოლის, სწავლების პროცესის ლიდერზე. შესაბამისად, დირექტორი უნდა გადავამზადოთ იმ მიმართულებით, რომ მან იცოდეს, როგორ მოაწყოს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, როგორ იმუშაოს მასწავლებლებთან და განახორციელოს შეფასება. თემატიკის თვალსაზრისით, საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი კურსია, შესაბამისად, მათი ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება.
- რაც შეეხება ტრენერებს, ვინ იქნებიან ადამიანები, რომლებიც დირექტორთა პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფენ?
- ტრენერების მომზადება უკვე მიმდინარეობს. ორი მიმართულებით ვმუშაობთ: ერთია ორ წელზე მეტი გამოცდილების მქონე ტრენერების გადამზადება და სერტიფიცირება, მეორე გზა კი ნაკლებ გამოცდილი, ან გამოცდილების არმქონე ტრენერების მომზადება. ტრენერების საჭიროება, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან დიდია, ამიტომ აქცენტი სწორედ ადგილობრივი ტრენერების მომზადებაზე კეთდება. მათი მომზადებისა და სერტიფიცირების შემდეგ, დირექტორებთან სწორედ აღნიშნული ტრენერები იმუშავებენ.
- რა სპეციალობის იქნებიან ეს ადამიანები?
- დირექტორების ტრენერები უნდა იყვნენ ადამიანები, რომელთაც აქვთ შესაბამისი განათლება მენეჯმენტში, ან პედაგოგიკის მიმართულებით, უმუშავიათ დირექტორად, ან რომელიმე ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში და იციან მართვა. აგვისტოში დირექტორს სწორედ ამ უნარებისა და ცოდნის მქონე დაახლოებით 80-მდე ტრენერი გადაამზადებს.
- რომელ ლოკაციებზე განთავსდება აკადემიები?
- დაფარული იქნება პრაქტიკულად ყველა რეგიონი და დიდი ქალაქი. ჩვენ ვფიქრობთ, ლოკაციები დირექტორების ჯგუფების მიხედვით დადგინდეს, რათა მათ მგზავრობა ძალიან შორს არ მოუწიოთ. ჯგუფში ერთდროულად 20-25 დირექტორი იქნება. თითო ჯგუფს ორი ტრენერი ეყოლება. მათი თავმოყრა ისეთ ადგილზე მოხდება, სადაც მათ კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. ეს შეიძლება იყოს სკოლა, სასტუმრო ან უნივერსიტეტის ბაზა. რიგ შემთხვევაში, დირექტორებთან ერთად გადამზადდებიან სკოლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორები, რომლებიც მასწავლებლებთან მუშაობენ.
- მოდულების გავლის შემდეგ თუ არსებობს შემოწმების, დაკვირვების მექანიზმი, როგორ ხდება მიღებული ცოდნის პრაქტიკულ დონეზე გამოყენება?
- გვექნება შეფასება, თუ რამდენად დაძლია დირექტორმა მოდული და რა შედეგს მიაღწია. დირექტორები ყოველი ტრენინგის დასრულებისას სკოლაში წაიღებენ დავალებას, რომელიც ადგილზე უნდა შეასრულონ. კვარტალურ შეხვედრებზე კი, მოხდება შეჯამება, თუ ვის რა პროგრესი ჰქონდა. ასევე, პროექტის ფარგლებში, განსაზღვრულია მონიტორინგის კომპონენტი. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის შეფასების და მონიტორინგის სპეციალისტები მუშაობენ იმ ინდიკატორების განსაზღვაზე, რომლითაც დადგინდება თუ როგორ მუშაობს დირექტორი და მასწავლებელი ადგილზე, ხოლო პროექტის გრძელვადიანი ეფექტი მოგვიანებით გაიზომება და შეფასდება.
- რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, როდიდან ჩერთვებიან ისინი პროგრამაში და მომზადდება თუ არა მათთვის, მშობლიურ ენაზე სასწავლო რესუსრი?
- ეროვნული უმცირესობები პროექტში რამდენიმე თვეში ჩაერთვებიან, მას შემდეგ, რაც მოდულები მათ მშობლიურ ენაზე ითარგმნება.
ნატალია დადიანი
AMBEBI.GE