13 ივნისი უკვე ისტორიის ნაწილია. დიდი ტკივილით, მსხვერპლით, თანადგომისა და სოლიდარობის საოცარი მაგალითებით. ჟურნალ "გზასთან" 13 ივნისის საღამოს ის ადამიანები იხსენებენ, რომლებსაც ეს ტრაგედია უშუალოდ შეეხოთ, გთავაზობთ ამონარიდებს:
წარღვნით დამეგობრებულები
გიგი კეშელავამ სიკვდილს 7 თვის ორსული გოგონა გადაარჩინა. მაშინ იმაზე არ ფიქრობდა, რომ საფრთხეში საკუთარი სიცოცხლე ჩაიგდო. როგორც დღეს იხსენებენ, სიცოცხლემ სიკვდილს რამდენიმე წამით გაუსწრო. რამდენიმე თვის შემდეგ დემეტრე დაიბადა. ბიჭი, რომელიც მალე მისი გადამრჩენის ნათლული გახდა.
- იმ საღამოს ორ მეგობართან ერთად ვიყავი. ვაკეში მინდოდა მეგობართან ასვლა. თამარაშვილის ქუჩა გადაკეტილი დამხვდა და ვიფიქრე, ახალი გზით ავალ-მეთქი. გვირაბიდან რომ გავედი, გზაზე წვიმის გუბეები იდგა. მე პოლიციის მხარეს ვიყავი. მოპირდაპირე ზოლში იმდენად დიდი წყალი იყო, რომ 20 მანქანა მაინც გახლდათ გაჩერებული, ვერ მოძრაობდნენ. უკან პატრული მომყვებოდა. მანქანა გავაჩერე, პატრულიც გაჩერდა. ის თავის ტერიტორიაზე მოძრაობდა, გამოძახებით არ მოსულა. ხალხის მანქანებიდან გადმოყვანა დაიწყეს. წყალი უკვე მანქანის სალონამდე აღწევდა, დაახლოებით 5 წუთში კი წყლის დონემ იმდენად აიწია, ბორდიულიდან მარჯვენა ხაზში იწყო გადმოსვლა. მივხვდი, იქ რომ გავჩერებულიყავი, ჩემი მანქანა აუცილებლად დაიტბორებოდა. აღმართზე, პოლიციის შენობასთან ავედი. ვფიქრობდი, იმ სიმაღლეზე წყალი ვერ ამოვიდოდა. შორიდან შემზარავი ხმა ისმოდა, ყველაფერი გრგვინავდა. ვიფიქრე, წლის მილები თუ გასკდა-მეთქი და იმასაც ვგრძნობდი, რომ ეს ხმა თანდათან გვიახლოვდებოდა...
მე და ჩემი მეგობრები ჩავსხედით. "სტარტერი" გაფუჭებული მქონდა. ვიწვალე და როგორც იქნა, მანქანა დავქოქე. აღმართზე, პოლიციის შენობასთან ავედი. ვფიქრობდი, იმ სიმაღლეზე წყალი ვერ ამოვიდოდა. შორიდან შემზარავი ხმა ისმოდა, ყველაფერი გრგვინავდა. ვიფიქრე, წლის მილები თუ გასკდა-მეთქი და იმასაც ვგრძნობდი, რომ ეს ხმა თანდათან გვიახლოვდებოდა. ის იყო, აღმართზე უნდა ავსულიყავი, რომ შევნიშნე, ბორდიულზე ბიჭთან ერთად ორსული გოგო იდგა.
მარი მოსიძე:
- მაშინ 7 თვის ორსული ვიყავი. ვხედავდით, წყლის დონე სწრაფად იმატებდა. ვიდექით, მაგრამ რას ველოდებოდით, არ ვიცოდით. ამ დროს მანქანა მოგვიახლოვდა.
გიგი:
- უკან დავბრუნდი, დავუძახე, - სწრაფად ჩასხედით-მეთქი. ეს ამბავი პოლიციიდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით ხდებოდა. მათ ხომ არ მივატოვებდი? მე ჯიპით ვიყავი და ამან მიშველა, დაბალი გამავლობის მანქანით ვერ ავიდოდი. ძალიან გავრისკე, ჯერ ზემოთ ავედი, მერე ისევ უკან დავბრუნდი. ბორდიულიდან ეგრევე სალონში შემოძვრნენ. უკან რომ მივბრუნდი, იმ აღმართზე ასვლა უკვე ძალიან გამიჭირდა. წყლის დიდი ტალღა გვიახლოვდებოდა, მანქანის ქვეშ ხეებიც კი გამომედო. გადარჩენის ინსტინქტით ვმოქმედებდი. აღმართზე ავედი თუ არა, უკანა ნაწილს პირველმა დიდმა ტალღამ დაარტყა.
მარი:
- 20-30 წამით რომ დაგვეგვიანა, ჩვენც ის ტალღა გაგვიტაცებდა. გიგიმ 3 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ჩვენი მანქანა წყალმა წაიღო და მოგვიანებით გმირთა მოედანზე ვიპოვეთ.
უსაფრთხო ადგილზე რომ ავედით, გიგი და მისი მეგობრები ხალხის მისაშველებლად გაიქცნენ. ჩემს მეუღლესაც უნდოდა წასვლა, მაგრამ იმდენად შეშინებული ვიყავი, მარტო ვეღარ დამტოვა. მალე ხალხი აყვირდა, მანქანებში არავინ გაჩერდეთო. გადმოვედით. უცხოელები შეგვხვდნენ, თავიანთ მანქანაში ჩაგვსვეს და სახლამდე მიგვიყვანეს.
...
- ძალიან გვაინტერესებდა და გვინდოდა გვცოდნოდა, ვინ იყვნენ ჩვენი და ჯერ დაუბადებელი ბავშვის გადამრჩენელები. მხოლოდ მანქანის ფერი და მარკა ვიცოდით. ტელევიზიაში დავრეკეთ და ვითხოვეთ, მათ მოძებნაში დაგვხმარებოდნენ. გიგი არც სახეზე მახსოვდა, არც სახელი და გვარი ვიცოდი.
გიგი:
- ამ გადაცემას ჩემი მეგობარი უყურებდა. მან მისცა ჩემი ნომერი და ასე დამიკავშირდნენ. ერთმანეთს შევხვდით, ოჯახის წევრები გავიცანით, დავმეგობრდით. მითხრეს, - ბავშვი რომ დაიბადება, ნათლია შენ უნდა იყოო.
ეს და სხვა არაერთი ემოციური ისტორია წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 9 ივნისის ნომერში