"შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი", - ბორის პასტერნაკის ლექსიდან აღებული ეს ფრაზა იმ რომანის სახელწოდებაა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა, ძალზე ჭკვიანმა და ნიჭიერმა ქართველმა გოგონამ - რუსკა ჟორჟოლიანმა იტალიურ ენაზე დაწერა და იქაური კრიტიკოსებისა და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. საბჭოური რეალობა გამოგონილ ქალაქში ვითარდება და მამათა და შვილთა ცხოვრებას მხატვრულად ასახავს. რუსკა იტალიაში ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობს და სამომავლოდ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო სიღრმისეულად და სერიოზულად აპირებს განვითარებასა და წინსვლას. დევნილობაში გატარებული ბავშვობა, უცხო ქვეყნის სიტკბო, ნაწარმოებებსა და ნახატებში ასახული სამშობლოს სიყვარული, იტალიური ყოფა რუსკას მონათხრობის მთავარი თემებია.
პალერმო - დევნილი ბავშვების "სავანე"
- პალერმოში პირველად ათი წლისა იმ პროგრამის ფარგლებში მოვხვდი, რომელსაც საზოგადოება "საქართველო-იტალია" პალერმოს მერიასთან თანამშრომლობით ახორციელებდა და ძირითადად, დევნილ ბავშვებზე იყო გათვლილი. პალერმოელთა ოჯახებში გაგვანაწილეს და ზაფხულობით მთელი სამი თვის განმავლობაში ისინი გვმასპინძლობდნენ და გვპატრონობდნენ. ცდილობდნენ, ჩვენთვის ცხოვრება გაეხალისებინათ. ძირითადად, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები ვიყავით და ისინი, ვისაც რომელიმე მშობელი დაღუპული ჰყავდა. მოკლედ, 18 წლამდე ანუ ზრდასრულ ასაკამდე, პალერმოში წლების განმავლობაში ჩავდიოდით, მერე კი თითოეული ჩვენს გზას ვირჩევდით, ზოგი საქართველოში დარჩა და სწავლა განაგრძო, დაოჯახდა, ზოგმა - იტალიელ "მშობლებთან" ურთიერთობა არ გავწყვიტეთ და ის სითბო და სიყვარული, რაც იმ წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, დღემდე მოგვყვება.
ქართულ-იტალიური მრავალმხრივი სწავლა-განათლება და პირველი ლექსები
- ჩემი იტალიელი მშობლების დახმარებით, თბილისში იტალიური სკოლა დავამთავრე, მერე თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე და დასრულებისთანავე იტალიაში გავემგზავრე. მათ შვილი არ ჰყავთ და ფაქტობრივად, შვილობილი ვარ. 2007 წელს გავემგზავრე იტალიაში საცხოვრებლად. თავიდან იქაც საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე, შემდეგ პროფილი შევიცვალე და ფილოსოფიის ფაკულტეტი დავამთავრე. იტალიურ ენაზე ლექსების წერაც დავიწყე და ჩემმა პირველმა, 2009 წელს დაწერილმა ლექსმა ერთ-ერთ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები იტალიის კულტურულ ცხოვრებაში. რაღაცებს მანამდეც ვწერდი - დღიურებს, წერილებს, ჩანახატებს ვაკეთებდი, მაგრამ ვფიქრობდი, რაიმე სერიოზულის დაწერა ჯერ ნაადრევი იყო. ჩემი წიგნის გარეკანს ჩემი დის ნამუშევარი ამშვენებს. ისიც პალერმოშია, აკადემიაში ფერწერას სწავლობს. ჩემი ძმა - ლაშა კი ლონდონში წარმატებული მუსიკოსია, დიჯეია, საკუთარი კომპოზიციებიც აქვს.
ფილოსოფია უმაღლესი მეცნიერებაა. სიმონა ვეილის (ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ქალი) პოლიტიკური წიგნების კითხვისას მივხვდი, რომ ეს ჩემი სფერო იყო. ჩემი ქაოსური იდეებისა და მისწრაფებების თავმოყრა და მოწესრიგება სწორედ ფილოსოფიას შეეძლო. სამაგისტრო მერაბ მამარდაშვილის ნაშრომებზე დავიცავი, რომლის იტალიური თარგმანი თითქმის არ მოიპოვება, ყველაფერი რუსულიდან და ქართულიდან ვთარგმნე. ნოემბერში რომის ფილოსოფიურ ჟურნალში ჩემი სტატია დაიბეჭდება, რომლის ნაწილი ჩემი სადიპლომოდანაა ამოღებული.
იტალიური ენა, მამული და მგრძნობიარე საზოგადოება
- იტალიელ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გახსნილები, გულითადები და მეგობრულები ჩანან. მძიმე ისტორიის მქონე ქვეყანაა, იტალიის გაერთიანებაც ხომ რთულ პროცესებთან იყო დაკავშირებული, თვითონ მათაც პრობლემები აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობაში. რეგიონებს შორის დღემდე ბევრი რამ გაურკვეველია. სიცილიელი და სარდინიელი იქაურად უფრო თვლის თავს, ვიდრე იტალიელად. ერთადერთი გამაერთიანებელი მათი ენაა. გახლეჩილობა იტალიის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია და ეს საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც აისახება. ასეთ საზოგადოებაში ემიგრანტის მიღება და თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია. კარგად იციან, როგორ მოაწყონ სახლი, სად წავიდნენ, რომ ცხოვრება ხელოვნებით შეივსონ, რომელი ტილო სად ჩამოკიდონ, მაქსიმალური ესთეტიკური სიამოვნება რომ მიიღონ, როგორ მიირთვან ესა თუ ის კერძი და ყოველდღიურობა როგორ გაილამაზონ, ასეთი ნიუანსების შეტანაში ნამდვილად პირველები არიან... განაგრძეთ კითხვა