თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე, 90 მილიონ ლარამდეა დახარჯული. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს თბილისის ზოოპარკში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დათვალიერებისას განუცხადა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ცალკეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.
"ამ ეტაპზე 90 მილიონ ლარამდეა დახარჯული, როგორც ფიზიკური პირების ზიანის ანაზღაურებისთვის, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ცალკეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. ეს იქნება ძირითადად წყნეთი-სამადლოს გზაზე, ამიტომ დაახლოებით 100 მილიონი ლარი იქნება ჯამში ის ზარალი, რომელიც ჩვენ სტიქიის შედეგად მივიღეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება სტიქიის შედეგად დაზარალებული რამდენიმე ოჯახის პრეტენზიას, რომლის თანახმადაც, მათ ვერანაირი დახმარება ვერ მიიღეს, თბილისის მერის თქმით, თითოეული ადამიანი, რომელსაც დადგენილი წესის მიხედვით ეკუთვნოდა ბინა ან სახლის რეაბილიტაცია, ყველა მათგანი დაკმაყოფილებულია.
"არის რამდენიმე ოჯახი, რომლებიც სამართლებრივ პროცედურებს გადიან და მათი მოგვარების შემდეგ დაკმაყოფილდებიან, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც იმაზე მეტი ამბიციები და მოთხოვნები აქვთ, ვიდრე დადგენილი წესი და ნორმაა. ამიტომაც მათ, სამწუხაროდ, ვერ ვეხმარებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ძალიან ბევრი გაკეთდა, 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა იმისათვის, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ზიანი ყოფილიყო ანაზღაურებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე გადატანა 3-4 წელიწადში სრულად მოხდება. თბილისის მერის ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკი აღნიშნულ ტერიტორიაზე იქამდე დარჩება, სანამ არ მოხდება ახალი ზოოპარკის ტერიტორიის განვითარება.
"მოსამზადებელი სამუშაოები ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ. მთლიანად შემოიღობა ახალი ზოოპარკის ტერიტორიის 48 ჰექტარი, გაკეთდა კავკასიური ჯიშის ძაღლებისთვის, სპეციალური ძაღლსაშენი, წელს მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, დამატებითი ვოლიერების მშენებლობა დათვებისა და მგლებისთვის. ასევე მიმდინარეობს პროექტირება სამომავლოდ ვოლიერების მშენებლობასთან დაკავშირებით, რათა ეტაპობრივად მოვახდინოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანა, ეს ტერიტორია კი განვავითაროთ როგორც სარეკრეაციო სივრცე. ვფიქრობთ მინიმუმ 3 წელი მაინც დაჭირდება ზოოპარკის გადატანას, რადგან მოითხოვს საკმაოდ დიდ რესურს და დროს", - აღნიშნა თბილისის მერმა.