საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა 24 წლის თორნიკე ოქრიაშვილმა კარიერა რუსთავის "ოლიმპის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. თამაშობდა კლუბ "გაგრაში", მოგვიანებით იჯარით აიყვანეს "დონეცკის შახტარში", მასში კლუბმა 1 მილიონი ევრო გადაიხადა. 2014 წლის 28 ივლისს კონტრაქტი გააფორმა ბელგიურ "გენკთან". 2016 წლის იანვრიდან ნახევარწლიანი იჯარით შეუერთდა თურქულ საფეხბურთო კლუბ "ესქიშეჰირსფორს", რომელთანაც ცოტა ხნის წინ დაასრულა ურთიერთობა. ამჟამად კი, "კრასნოდარის" ნახევარმცველია.
ოქრიაშვილი საკმაოდ წარმატებულ და ნაყოფიერ ფეხბურთელად მიიჩნევა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
რაც შეეხება მის ოჯახურ ცხოვრებას, ჰყავს მეუღლე - ლიკა მუზაშვილი და ორი შვილი. თორნიკეს და ლიკას სიყვარულს მრავალწლიანი ისტორია აქვს - წყვილმა ერთმანეთი 15 წლის ასაკში გაიცნო. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ძალიან რთული პერიოდი გადაიტანეს, დაქორწინების შემდეგ 2 თვე დაშორებულან კიდეც, მაგრამ მერე ურთიერთობა დაალაგეს და ახლა ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ.
ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ფეხბურთელის მეუღლე სიყვარული ისტორიას ასე იხსენებს: "15 წლის ვიყავი, თოკო რომ გავიცანი. იმ პერიოდში ანსამბლ "მერანში" ვცეკვავდი. ჩემს კონცერტზე იყო მოსული, მეგობარს ახლდა. როგორც შემდეგ მითხრა, ძალიან მოვეწონე და იაქტიურა, ჩემი გაცნობა მოახერხა. მერე ყველაფერი ჩვეულებრივად განვითარდა. გაცნობის დღესვე მივხვდი, რომ ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების პრინცი იქნებოდა. საკმაოდ დიდხანს, 6 წელი ვიყავით შეყვარებულები. ერთმანეთი რომ გავიცანით, ძალიან პატარები ვიყავით, 15 წლის ასაკში ხომ არ დავქორწინდებოდით?
17 წლის ვიყავი, როცა დედამ გაიგო, რომ ვხვდებოდი. ძალიან მინდოდა, ერთმანეთი გაეცნოთ. დედის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მათი შეხვედრა ვერ მოხერხდა. დარწმუნებული ვარ, თოკო რომ გაეცნო, მოეწონებოდა. ის ყველასთვის მოულოდნელად გარდაიცვალა. გვითხეს, რომ მენინგიტი ჰქონდა... რაც შეეხება მამას: სასიძო მოეწონა და კარგად მიიღო" (წაიკითხეთ ვრცლად ინტერვიუ)
დაათვალიერეთ თორნიკე ოქრიაშვილის ფოტოები
სხვა ქართველი ფეხბურთელებისგან ოქრიაშვილს ის გამოარჩევს, რომ სხეულზე ბევრი სვირინგი აქვს, ერთ-ერთ ინტერვიუში ტატუებისადმი მის სიყვარულს ასე განმარტავს: "ხელებსა და ფეხებზე მართლა ბევრი სვირინგი მაქვს. მომწონს სვირინგი. რაიმე ნახატი რომ მომეწონება, ვიხატავ ხოლმე. ქურდული რაღაცები არ მახატია. ჩემი სვირინგები შეიძლება, ბევრს არ მოსწონდეს. უახლოეს მომავალში რამდენიმე ნახატს კიდევ გავიკეთებ. ამოსვირინგებული მაქვს ანგელოზი და აფროდიტა, არწივი. მკლავზე დიდი თვალი მაქვს დახატული, მაგრამ აღარ მომწონს. მინდა, მოვიშორო. ამოსვირინგებული მაქვს ჩემი და ჩემი ცოლის ინიციალები ''თ'' და ''ლ'' ძველქართულად".