თბილისში, ოლიმპიური ქალაქის დასახლებაში 6 ივნისს, გვიან ღამით მასშტაბური ავარია მოხდა. შეჯახების შედეგად დაიმტვრა 5 ავტომობილი, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც BMW-ს მართავდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდა დრიფტით იყო გატაცებული.
როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში ავარიის თვითმხილველებმა აღნიშნეს, ახალგაზრდა საკუთარი BMW-ს მარკის ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც "ჰონდას" მარკის მანქანამ გზა გადაუჭრა. BMW-ს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ყვითელ ავტობუსს შეეჯახა, შემდეგ კი, სასტუმროს შესასვლელთან გაჩერებულ ავტომანქანებს.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებულ ავტომობილებს შორისაა ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის "მერსედესის" მარკის ჯიპი. როგორც ცნობილია, შემთხვევის დროს "ვისოლის" დამფუძნებელი სასტუმროში შეხვედრაზე იმყოფებოდა.
"სასტუმროსთან "რენჯ როვერი" და "მერსედესი" იყო გაჩერებული, რომელსაც ახალგაზრდა მძღოლი დაეჯახა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი სოსო ფხაკაძეს ეკუთვნოდა. შემთხვევის დროს ის სასტუმროში იმყოფებოდა, როდესაც ეს ამბავი მოხდა სხვებთან ერთად გარეთ ისიც გამოვიდა... თვითონვე თქვა, რომ მანქანა მას ეკუთვნოდა...", - ყვება თვითმხილველი ავარიის დეტალებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ნინო დათაშვილი
AMBEBI.GE