რამდენიმე საათის წინ სტამბოლის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. BBC-ის ინფორმაციით აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 36 ადამიანი. სტამბოლის გუბერნატორის ვასიპ შაჰინის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 7 პოლიციელია.
დანაღმული ავტომობილი სტამბოლის ცენტრში, ისტორიულ უბანში, ბეიაზიტის სკვერთან აფეთქდა. ეს ტერიტორია განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტებით. მედიის ცნობით, აფეთქება სპეცდანიშნულების ძალების ავტობუსთან მოხდა, რის შემდეგაც გაისმა რამდენიმე გასროლის ხმაც. ხელისუფლების ცნობით, აფეთქების სამიზნე სწორედ პოლიციის ავტობუსი იყო.
ამჟამად ქუჩა, სადაც აფეთქება მოხდა, გადაკეტილია. ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები. პასუხისმგებლობა აფეთქების ორგანიზებისთვის ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.