ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა. საოცნებო, სამსართულიანი სახლი მტკვრის პირას მეგობრის საჩუქარია.
"ასეთი დიდი და ძვირად ღირებული სახლის ყიდვას, ნამდვილად ვერ შევძლებდი. მაგრამ, ერთ დღეს, მეგობარმა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, წარმატებული ბიზნესი აქვს და იცოდა ჩემი ოცნების შესახებ, მითხრა, რომ ჩემთვის სახლის ყიდვას აპირებდა და სახლი მომეძებნა", - ყვება "სხვა რაკურსის" წამყვანი "თბილისელებთან" ინტერვიუში.
- ამ სახლზე არჩევანი რატომ გააკეთე?
- არ ვიცი, თვითონ "დამიძახა". ოთხი თვის განმავლობაში გამალებული ვეძებდი სახლს. დღეში სამ სახლს მაინც ვნახულობდი. მოვიარე თბილისის მიმდებარე ტერიტორიები, ოქროყანა, წყნეთი...
ეზო მაქვს დასამთავრებელი და პირველ სართულზეა ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოები. აქ იქნება აზიური ოთახი, რომელსაც თავისი დატვირთვა აქვს ჩემთვის. მეორე სართულზე - სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, აბაზანა და ჰოლია; მესამე სართულზე კი - სამი საძინებელი და კაბინეტი. ფართი არ მკითხოთ, რამდენია. ასეთ საკითხებში ვერ ვერკვევი...
ამ სახლს უკეთდება ლიფტი, რომლითაც შესაძლებელია ასვლა სახლის სახურავზე, სადაც იდეაში, აუზი უნდა იყოს. თუმცა, მას ფუნქციას შევუცვლი და ბაღს გავაკეთებ. რომ წარმოვიდგენ, მძინავს სახლში, რომელსაც სუხრავზე წყლით სავსე "ბასეინი" აქვს, შიშით გული გამისკდება. ეზოში "ბასეინი" არაა და არც ვდარდობ. რად მინდა "ბასეინი", აგერ მტკვრის პირას ვარ დაბანაკებული, თუმცა, ჭყუმპალაობის დიდი მოყვარული არ ვარ. "ბასეინი" მიყვარს სხვის ეზოში. სამაგიეროდ, ნახეთ რა კაკლის ხე მაქვს, როგორ ასხია და როგორი ბოსტანია. სამი კვირაა, არც მწვანილი გვიყიდია და არც ბოსტნეული. დედაჩემმა გული იჯერა, ყველაფერი დარგო და დათესა, რისი დარგვაც შეიძლებოდა. ამ ბოსტნით დედაჩემი ისეთი ბედნიერია, მე ეს მაბედნიერებს. ჩემს ეზოში იქნება ბევრი ყვავილი, ვარდები და კიდევ ძალიან მინდა, ეზოში დადიოდეს სირაქლემა..."
თამუნა ნიჟარაძე
ჟურნალი "თბილისელები"