კოლხური თეთრი - ძვ. წ. VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტა. კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი - შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, არსებულ ბერძნულ ახალშენებს (ფაზისს).
კოლხური ფული დამზადებულია მაღალმხატვრულ დონეზე, რითაც იგი ტოლს არ უდებს იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მოწინავე ქვეყნების ნუმიზმატიკურ ძეგლებს და სტილისტურად ემსგავსება კიდეც მათ. კოლხური მონეტების ადრეული ცალები სტილითა და ტექნიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულ მსგავსებას ავლენს ძვ.წ. VI საუკუნის ბერძნულ, კერძოდ, მილეტურ მონეტებთან. დღეისთვის დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, კონკრეტულად სად იჭრებოდა კოლხური თეთრი - კოლხეთის რომელიმე შავიზღვისპირა ქალაქში, მაგალითად, ბერძნების მიერ დაარსებულ ფაზისში (დღევანდელი ფოთი), თუ სადმე სხვაგან, ქვეყნის სიღრმეში, სამეფო ზარაფხანაში, მაგალითად, ანტიკური პერიოდისთვის დაწინაურებულ პოლიტიკურ ცენტრ ვანში.
ბოლომდე გარკვეულია მხოლოდ შემდეგი: ეს ფულადი ნიშნები კოლხეთისთვის იჭრებოდა და ძირითადად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენებოდა.
კოლხური თეთრის ტიპები
კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი არსებობს. ჩვენამდე მოღწეულ ერთეულებს შორის უდიდესია ე.წ. ტეტრადრაქმა (ანუ ოთხდრაქმიანი მონეტა). შემდეგ მოდის დიდრაქმების (ორდრაქმიანი) რიგი.
დიდრაქმა. ვერცხლი. კოლხეთი.
ძვ.წ. V ს.
Av. ადამიანის თავი ხაზოვან რკალში მარჯვნივ.
Rv. ადამიანის იდენტური თავები ერთმანეთის პირისპირ, ჩაჭდეულ კვადრატებში.
კოლხური თეთრის მსხვილი ნომინალები ძალიან იშვიათ მონეტათა ჯგუფს განეკუთვნება. ტეტრადრაქმა სულ სამი ცალია ცნობილი. პირველი ტიპის დიდრაქმა ცხრა ცალია, მეორე ტიპის დიდრაქმა – შვიდი ცალი, მესამე ტიპის დიდრაქმა კი – ერთი ცალი (დიდრაქმების წონა მერყეობს 8 და 11 გრამს შორის). პირველი ტიპის ნახევარდრაქმიანი (ტრიობოლი) სულ ოთხი ცალია აღმოჩენილი.
განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა მეორე ტიპის კოლხური ნახევარდრაქმიანი, რომლის რაოდენობა ათასობით განისაზღვრება და დასავლეთ საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტშია აღმოჩენილი, როგორც ერთეული, ასევე განძების სახით. ტრიობოლების წონითი რემედიუმი 1,2 და 2,6 გრამებს შორის მერყეობს.
კოლხური თეთრი ანეპიგრაფიკულ (უწარწერო) მონეტათა რიგს განეკუთვნება. მხოლოდ ტრიობოლების მცირერიცხოვან ჯგუფზე არის მოთავსებული ბერძნული ასო-ნიშნები: A,E,O, ,П, Δ და MO. ასოთა დანიშნულება გაურკვეველია. შესაძლებელია, რომ ისინი ზარაფხანებს აღნიშნავდეს, ან მაგისტრანტებს (სახელმწიფო მოხელეებს), რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მონეტის ემისიაზე.
კოლხური ფულის მიმოქცევა გაგრძელდა აქემენიდთა იმპერიის დაცემამდე და ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შედეგად ახალი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების დამკვიდრებამდე.