"ჩემი გავლენა მხოლოდ ხალხის ნდობაა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო "თავისუფლების“ ერთობლივ გადაცემა "ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ - აქვს თუ არა მას დღევანდელ ხელისუფლებაზე გარკვეული გავლენები- განაცხადა, რომ არც მოქმედი და არც ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მის რჩევებს ხშირად არ ითვალისწინებდნენ და თუ რაიმე ტიპის კონტაქტი აქვს მოქმედ ხელისუფლებასთან ეს მხოლოდ მოქმედი პრემიერი ინიციატივით ხდება და ამაში საგანგაშო არაფერია.
"ყოფილი პრემიერ მინისტრი ხშირად ჩემს რჩევებს არ ისმენდა. დღევანდელი პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი, კიდევ უფრო პრინციპულია და უფრო მეტი გამოცდილება აქვს საკუთარი მოღვაწეობით, მენეჯმენტით. ნურავის ნუ ექნება იმის ეჭვი, რომ მე ვურეკავ კვირიკაშვილს და მითითებებს ვაძლევ. ღმერთმა დამიფაროს. ამას არ ვაკეთებდი არც ღარიბაშვილის დროს, მასაც ქონდა კომპეტენცია და მშვენივრად მართავდა ქვეყანას და ასევე, მაღალი კომპეტენცია გააჩნია კვირიკაშვილს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ასევე დაადასტურა, რომ "მონაწილეობა ჰქონდა მიღებული" ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაში.
"კარგია მერე, რა არ მოგწონთ? ფიქრობთ, მე ძალით გადავაყენე ღარიბაშვილი?! მას ჰქონდა კონსულტაციები ჩემთან, რაც ნორმალურია. მე ვაძლევდი რჩევას, რომელიც გაითვალისწინეს. რა მექანიზმებით შეიძლებოდა, რომ მეიძულებინა იგი? ასე თუ წავიდა, იქნებ მეც ვინმემ მაიძულა? მეც ხომ წავედი, ვინ მაიძულა წასვლა? მან შეაფასა სიტუაცია, ადრეულ პერიოდებშიც ჰქონდა შეკითხვები ჩემთან - ხომ არ არის დრო, რომ მე წავიდეო. ეს საუბრები გვქონდა და ნორმალურია, ვინაიდან უფროს მეგობრად მთვლიდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.