ბრალდების მხარე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს სავარაუდოდ დღეს მიმართავს.
"ამ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ექვსი პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ხულიგნობას. სავარაუდოდ დღეს მიმართავს ბრალდების მხარე სასამართლოს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს", - განაცხადა შოთაძემ.
2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1-ელ ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.