რუბრიკის "ჩემი ცხოვრების პალიტრა" სტუმარი ამჯერად დედა სიდონიაა. მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ, მძიმე და ტრაგიკული ცხოვრება აქვს გავლილი, მისი მთავარი ფერი მაინც ბრწყინვალე ოქროსფერია, რომელშიც ყოველთვის იმედს ხედავს. "მთელი ცხოვრებაა კალეიდოსკოპის ფერები მომყვება, მეცინება, რომ ინტერვიუც კი ახლა კალეიდოსკოპია. როდესაც მითხარით, რომ ეს თემა გაინტერესებდათ, მცირე შოკიც კი მივიღე..." - გვითხრა დედა სიდონიამ.
- დავიწყოთ ბავშვობით, რა ფერს მიანიჭებდით ბავშვობის წლებს?
- ბავშვობის პერიოდი მხიარული, მყვირალა, ნათელი ფერებითაა სავსე. ხშირად მახსენდება ჩვენი აივნი და იქ არსებული სიმშვიდე. მზე რომ ჩადიოდა, ყველაფრი სასწაულად ლამაზად მოჩანდა. ამ ცოტა ხნის წინ ჩემმა მეზობელმა გაიხსენა, რომ ბავშვობაში კალეიდოსკოპი დამიშლია და ფერადი ქვები მიწაში ჩამიყრია.
საქართველოში იმჟამად ზოგადად გულწრფელი, უანგარო ურთიერთობები იყო. ის ფერები და სითბო დღემდე მომყვება და მასულდგმულებს. ადამიანებთან ასეთი ურთიერთობის შენარჩუნებას დღემდე ვცდილობ, რაც ზოგს უკვირს, რადგანაც ეს ყველაფერი ძალიან დაზიანდა. ის ლამაზი ფერები, რომელიც ინერციით მომყვება, ერთი პერიოდი განაცრისფრდა და გამუქდა. ეს მაშინ მოხდა, როცა შეხება მომიწია ეჭვთან, გაუტანლობასთან და დავიბენი... ეს ჩვენს წიაღშიც ვიგრძენი და ერშიც.
- თქვენს წიაღშიც?
- იქაც იგივე ადამიანები მოდიან და მოჰყვებათ ის რაღაც, ვიდრე არსებითად მოახერხებენ შეცვლას...
- მავანს შეიძლება გაუკვირდეს, შავად შემოსილს, სასულიერო პირს ფერებზე როგორ ელაპარაკებიო, მაგრამ ისეთი ადამიანი ხართ, რომ ფერების პალიტრას ამ სამოსშიც ინარჩუნებთ... გაიხსენეთ პირველი ნაბიჯი, როდესაც 16 წლისამ ეკლესიაში წასვლა გადაწყვიტეთ...
- ეკლესიაში თავიდან ჩემი და მივიდა, მერე მამა მიიყვანა, მერე მივედი მეც, რამაც ის გარდამავალი პერიოდი, რომელიც ადამიანებს ბავშვობასა და მოზრდილობას შორის აქვთ ხოლმე, დამიბალანსა. ეს ყველაფერი ტაძრის გუმბათის სარკმლიდან კონცენტრირებული მზის სხივის ჩამოსვლას ჰგავდა, რომელიც ყველაფერს ერევა.
- ეკლესიაში სიარულისას თქვენს ცხოვრებაში რა ფერები გამოჩნდა?
- ალბათ უფრო მწვანე, შუამთაში დავდიოდით წირვებზე. იმ პერიოდში საქართველოში სულ 5-6 ბერი იყო, ერთ-ერთი, ვინც იქ მოღვაწეობდა, ჩვენი ოჯახის მოძღვარი გახლდათ... თავიდან მონასტერში სტუმრად წავედი და ის პერიოდიც ახლა ოქროსფრად და ვარდისფრად ბრწყინავს. იქ დავინახე სრულფასოვნებისკენ სწრაფვა, რამაც მომხიბლა. არადა, ბევრს ჰგონია, რომ მონასტერში რომ მიდიხარ, იქ მიწას გაყრიან, იქაურობა მხოლოდ მუქ ფერთან ასოცირდება. პირიქით, მე იქ პროგრესი და პიროვნული ზრდის მეტი გარემო აღმოვაჩინე. დღეს არსებული მონასტრების წინამძღვრები მაშინ სამთავროში იყვნენ, ფანტასტიკურად გალობდნენ... ხელგარჯილობით გატაცებული მონაზვნები საოცრად განათლებულები და კარგი ოჯახის შვილები იყვნენ.
იმ ყველაფრისთვის მამა გაბრიელის პერიოდი ჩუქურთმა და სამშვენისი გახლდათ. სამთავროს მონასტერში სამი წელი ვცხოვრობდი და ჩვენი სენაკები თითქმის გვერდიგვერდ იყო.
მამა გაბრიელთან სენაკში ხშირად მიწევდა შესვლა. მონასტერზე თუ რამე განსაცდელი მოდიოდა, ის სალოსობას იწყებდა და საკუთარ თავზე იღებდა იმ ყველაფერს. ადამიანებს მან დააძლევინა ბევრი სირთულე და ის გზა გაკვალა, რის წყალობითაც ბევრი რამ უმტკივნეულიოდ გადაგვიტანია. ძალიან ძლიერი პიროვნება იყო.