13 ივნისს, თბილისს სოფი ლორენი ეწვევა. ამის შესახებ ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
"სოფი ლორენი 13 ივნისს გვიან ღამით ეწვევა თბილისს. მსახიობი საქართველოში ნინო სურგულაძის მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვა. სოფი ლორენი თბილისში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე, შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე", როგორც ცნობილია, 15 ივნისს მსოფლიო პრემიერას გამართავს. მას დაახლოებით, 200-მდე უცხოელი ჟურნალისტი დაესწრება. ჟურნალისტები ჩამოდიან ლონდონიდან, იტალიიდან, კიევიდან, რუსეთიდან", - აღნიშნავენ ფონდში "ნატვრის ხე".
რაც შეეხება საქველმოქმედო ღონისძიებას, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 15, 17 და 18 ივნისს შედგება ახალი სპექტაკლის პრემიერა, რომელსაც მთლიანად იტალიური სადადგმო ჯგუფი განახორციელებს ნინო სურგულაძის, ნინო ანანიაშვილისა და თბილისის ოპერის საბალეტო დასის მონაწილეობით.
"ეს არის მე-5 ღონისძიება და შედგება 15 ივნისს, 21.00 საათზე. ჩვენ 15 ივნისს ველოდებით სოფი ლორენს, რომლიც შემოუერთდა ფონდს და გადაწყვიტა, რომ ბავშვებს დაუდგეს გვერდით. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ დარეკონ ნომერზე 0901900999. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ამ ბავშვების გადარჩენას. წინა კონცერტის შედეგები არის ის, რომ ყველა ის ბავშვი, რომლებზეც ჩვენ ავიღეთ ყველამ ერთად პასუხისმგებლობა, დღეს თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა ნინო სურგულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და მადლობა გადაუხადა თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც ამ ბავშვების დახმარებაში თავისი წვლილი შეიტანა.
პრესკონფერენციას ესწრებოდა სოფი ლორენის ვაჟი, დირიჟორი კარლო პონტი, რომელიც თბილისში გამართულ სპექტაკლს უდირიჟორებს: "ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ სპექტაკლს წარვუძღვები თბილისში, სადაც ადამიანებისგან განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ და ვფიქრობ, შესანიშნავი ჩანაფიქრია ასეთი ხალხისთვის ამ ღონისძიების მიძღვნა", - აღნიშნა კარლო პონტი უმცროსმა.
ღონისძიების მუდმივი პარტნიორის, კომპანია "სოკარის" წარმომადგენლის, ირაკლი ზუბიტაშვილის თქმით, მსგავს პროექტებში მონაწილეობა სოციალურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. "ნებისმიერი ბიზნესისთვის სოციალური პასუხისმგებლობის უმაღლესი გამოხატულებაა ასეთ პროექტებში მონაწილეობის მიღება. ამიტომ ჩვენთვის დიდი პატივია ფონდ "ნატვრის ხესთან" თანამშრომლობა", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე ირაკლი ზუბიტაშვილმა.
სპეციალურად პროექტისათვის საქართველოში უკვე იმყოფებიან მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი მარკო განდინი და ლა სკალაში მოღვაწე ქორეოგრაფი ჯანლუკა სკიავორი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში პირველად ორი ნაწარმოები შესრულდება, ბალეტი და მონო ოპერა, ფრანცისკ პულენკის და ნინო როტას უნიკალური მუსიკა, რომელშიც მთავარ პარტიებს ნინო ანანიაშვილი და ნინო სურგულაძე შეასრულებენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლის მთავარი თემა სიყვარული და წყვილების ურთიერთობაა. 15 ივნისის საქველმოქმედო საღამოდან შემოსულ თანხას ფონდი „ნატვრის ხე" ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას მოახმარს.
Sophia Loren to visit Georgia on June 13 for a charity concert