კოლხური თეთრი - ძვ. წ. VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტა. კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი - შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, არსებულ ბერძნულ ახალშენებს (ფაზისს). კოლხური თეთრის მნიშვნელობა მეტად დიდია, საკმარისია აღინიშნოს, რომ იგი ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია ძვ.წ. VI საუკუნეში თანამედროვე დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სამეფოს არსებობის დასამტკიცებლად. გარდა ამისა, კოლხური თეთრი პირველხარისხოვანი მასალაა ძველი ქართული პანთეონის შესასწავლად.
კოლხური ფული დამზადებულია მაღალმხატვრულ დონეზე, რითაც იგი ტოლს არ უდებს იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მოწინავე ქვეყნების ნუმიზმატიკურ ძეგლებს და სტილისტურად ემსგავსება კიდეც მათ. კოლხური მონეტების ადრეული ცალები სტილითა და ტექნიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულ მსგავსებას ავლენს ძვ.წ. VI საუკუნის ბერძნულ, კერძოდ, მილეტურ მონეტებთან. დღეისთვის დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, კონკრეტულად სად იჭრებოდა კოლხური თეთრი - კოლხეთის რომელიმე შავიზღვისპირა ქალაქში, მაგალითად, ბერძნების მიერ დაარსებულ ფაზისში (დღევანდელი ფოთი), თუ სადმე სხვაგან, ქვეყნის სიღრმეში, სამეფო ზარაფხანაში, მაგალითად, ანტიკური პერიოდისთვის დაწინაურებულ პოლიტიკურ ცენტრ ვანში. ბოლომდე გარკვეულია მხოლოდ შემდეგი: ეს ფულადი ნიშნები კოლხეთისთვის იჭრებოდა და ძირითადად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენებოდა.
კოლხური თეთრის ტიპები
კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი არსებობს. ჩვენამდე მოღწეულ ერთეულებს შორის უდიდესია ე.წ. ტეტრადრაქმა (ანუ ოთხდრაქმიანი მონეტა). შემდეგ მოდის დიდრაქმების (ორდრაქმიანი) რიგი.
დიდრაქმა. ვერცხლი. კოლხეთი. ძვ.წ. V ს.
Av. მწოლიარე ჰერმაფროდიტი ლომი მარჯვნივ, თავი მარცხნივ აქვს მიბრუნებული
Rv. მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურა ჩაჭდეულ სწორკუთხედში.
კოლხური მონეტები საქართველოს გარდა ასევე აღმოჩენილია ყირიმში - ნიმფეის ტაძრის ნანგრევებში; ქერსონესში; სოჭის რაიონში; ტრაპეზუნტის მიდამოებში; ქართლში - არმაზში და სხვ. თავად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნახევარდრაქმის II ტიპის კოლხური მონეტები ნაპოვნია ათასობით.
გაიგეთ მეტი: "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ