სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე ხმაურია. ტელეკომპანიის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის განხილვა ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს და არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია არ არის დარწმუნებული, რომ ერთ სხდომაში მოესწრება დარჩენილი ყველა ეტაპის გავლა. სალია არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სასამართლო პროცესების დაჩქარება ხდება.
"რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი დაატოვებინეს. გვარამიამ სასამართლო მიკერძოებულობაში და წინასწარ დაწერილი განაჩენის გამოტანაში დაადანაშაულა. "როდესაც მოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ჩვენ გამოვაცხადებთ. თქვენ პაკეტში დალუქული სახით იქონიეთ ის, ვიღაცის დაწერილი განცხადება და საჯაროდ გახსენით. თუ დაემთხვევა ჩვენს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, თქვენი სასარგებლო იქნება თუ თქვენი საწინააღმდეგო, საჯაროდ ვაცხადებ, გავიხდი მანტიას და დავტოვებ ჩემს თანამდებობას და არამარტო ამას გავაკეთებთ, თქვენ სრული უფლება გექნებათ აღძრათ ჩემს წინააღმდეგ საქმე", - განაცხადა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ. მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ კი, თავის მხრივ, გვარამია - დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და მას დარბაზი დაატოვებინა.
ამასთან, პროცესიდან გააძევეს მსახიობი ია ფარულავა და ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომლებსაც შუამდგომლობის გამოცხადების დროს გაეცინათ.