30 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დავით ახალაიას, გერონტი ალანიასა და იოსებ თოფურიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. როგორც "ინტერპრენიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ახალიას, ალანიასა და თოფურიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2014 წლის 14 მარტს იქნა გამოტანილი კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის III ნაწილით და განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვის ვადით.
"სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2005 წლის 5 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, მის მოადგილესთან იოსებ თოფურიძესთან, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსთან - გერონტი ალანიასთან, ოლეგ მელნიკოვთან და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ "მოდულის" შენობაში, დავით ახალაიას სამუშაო ოთახში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შს სამინისტროს მოქმედ პოლიციის თანამშრომლებს, იმ მოტივით, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას უხეშად მიმართეს.
დავით ახალაიას, იოსებ თოფურიძესა და გერონტი ალანიას მიმართ განაჩენი დაუსწრებლად დადგა, ვინაიდან ისინი თავს არიდებენ მართლმსაჯულებას და მათზე გამოცხადებულია ძებნა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.