ბრალდებულ გია დგებუაძის, მეტსახელად "მასტერას" დასაბუთების შემდეგ მოსამართლე ლილი მსხილაძემ, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე აიცილა.
აცილების შუამდგომლობა დაცვის მხარემ ორჯერ დააყენა. მოსამართლემ ადვოკატების არგუმენტები, მისი აცილების შესახებ არ გაიზიარა, თუმცა გია დგებუაძის არგუმენტი მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა. დგებუაძემ მოსამართლეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდი გაახსენა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ირაკლი გრძელიძემ განუცხადა, პროცესზე გია დგებუაძემ 2005 წელი გაიხსენა, როდესაც ის კუდ-ის ანტიკორუფციულ სამმართველოში მუშაობდა და საჯარო მოხელეების, მათ შორის მოსამართლეების კორუფციასთან შემხებლობის საკითხებს იკვლევდა. ადვოკატის თქმით, მაშინ ერთ-ერთ საქმე მოსამართლე ლილი მსხილაძესაც ეხებოდა.
"ვერანაირი კვალი თქვენს საქმიანობაში, რომელიც უკანონობასთან იქნებოდა კავშირში ვერ აღმოვაჩინეთ. რატომღაც ეს ჩაითვალა არა თქვენს დამსახურებად, არამედ ჩემს უნიათობად და თქვენ მაინც გაგათავისუფლეს სამსახურიდან.
თქვენს ცნობიერებაში მე უნდა ვიყო ასოცირებული იმ 10 წელიწადთან, რომელიც თქვენ დაკარგეთ შესაძლოა უსამართლოდაც", - მიმართა აცილების შუამდგომლობის დაყენებისას გია დგებუაძემ მოსამართლე ლილი მსხილაძეს.
ამის შემდეგ მოსამართლე ლილი მსხილაძემ განაცხადა, რომ 2005 წლის შემდეგ პერიოდი იყო რეპრესიის წლები მისთვის და მისი ოჯახის მიმართ. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ აღნიშნული საქმე აიცილა წარმოებიდან.