დღეიდან შესაძლებლობა გექნებათ ისტორიას ხელით შეეხოთ და გახდეთ განძის მფლობელები! დღეს, 30 მაისს "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვიდა უნიკალური წიგნი-ალბომი - "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", რომელიც საშუალებას მოგცემთ შეაგროვოთ სხვადასხვა საუკუნეში საქართველოში გავრცელებული ფულის მონეტები.
"პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნი-ალბომის ღირებულებაა 18.50, ხოლო გაზეთთან ერთად 20 ლარი. მონეტების წიგნი-ალბომი ამ კვირის განმავლობაში გაიყიდება, მხოლოდ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად, შემდეგ კი უკვე "ბიბლუსსა" და სხვა წიგნების მაღაზიებში, სპეციალური ფასის გარეშე.
ასევე თვეში ერთხელ გამოვა მონეტები, რომელიც გაიყიდება "კვირის პალიტრასთან" ერთად და მისი ღირებულება იქნება 3.50, გაზეთთან ერთად 5 ლარი. ეს კამპანია გაგრძელდება 2 წლის განმავლობაში, რადგან ჯამში 24 მონეტაა შესაგროვებელი.
ეს წიგნი-ალბომი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეა, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. თითოეულ მონეტას ერთვის შესაბამისი ეპოქის მიმოხილვა. ალბომში შეხვდებით ეროვნულ მუზეუმში დაცულ, ეპოქების ამსახველი ექსპონატების ფოტოებსაც, რომლებიც ისტორიული სიზუსტით აღწერენ თითოეულ მონეტას.
ეს წიგნი საინტერესოა საქართველოს წარსულით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვისაც. წიგნზე მუშაობის პროცესში "პალიტრა L"-ს მხარში დაუდგა ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკის უჯრედის მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფი, დიდი მადლობა მათ და ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, ბატონ დავით ლორთქიფანიძეს... საინტერესო პროცესი აღმოჩნდა მონეტების ასლების შექმნა, რომელზეც ნუგზარ მაღლაფერიძემ იმუშავა.
ქართული მონეტების ოქროს კოლექციაზე მუშაობა ხანგრძლივი, საპასუხისმგებლო და, ამავდროულად, საინტერესო პროცესი იყო ყოველი ჩვენგანისთვის.
ალბომის მფლობელს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, ხელით შეეხოს ეროვნულ მუზეუმებში დაცულ უძველეს ქართულ მონეტებს (მეტალის ასლებს), შეაგროვოს და განათავსოს უნიკალურ წიგნ-ალბომში... გახდეს თავისი ქვეყნის განძის თანამფლობელი...
მაია პატარიძე, ქართული მონეტების ოქროს კოლექციის თანაავტორი: "მონეტებთან ერთად ავარჩიეთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატებიც, რათა ეპოქა შეძლებისდაგვარად გაგვეცოცხლებინა. დაახლოებით ნეკის ფრჩხილისხელაა იმერეთის მეფე გიორგი მეორის მონეტა, მაგრამ მასზე დატანილი გამოსახულება ზუსტად იმეორებს გელათის ტაძრის ფრესკას, რომლის ფოტომასალაც თან ერთვის წიგნს. დავით ნარინის მონეტას ფოტომასალად დმანისის ნაქალაქარი შევურჩიეთ... მნიშვნელოვანია თამარ მეფის მონეტა, რომელზეც დედოფლის ხელრთვა (ფაქსიმილეა) აღბეჭდილი და თამარის ვერცხლის სურა, რომელიც სვანეთის მუზეუმშია დაცული. ერეკლე მეფის მონეტას მეფის ხმლის ფოტო დავურთეთ. ასე რომ, ეს წიგნი ძალიან საინტერესოა... მისი გაცნობით, კოლექციონერობის სურვილთან ერთად, შესაძლოა მკითხველს სამეცნიერო ინტერესიც გაუჩნდეს. ვინ იცის, ეგებ ამ წიგნით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ხვალ ჩვენ შეგვცვალონ..."