ტელეკომპანია "2030"-ის რეპორტიორი ზვიად თხელიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპა. მისი ცხედარი მაშველებმა დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა და მამაკაცის ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.
ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, ხადას ხეობაში ყოფნისას, ჟურნალისტმა ფეისბუქის გვერდზე უცნაური პოსტი დადო, რომელსაც ახლა მის წინათგრძნობას უკავშირებენ. ფოტოზე საფლავის ქვაა აღბეჭდილი, რეპორტიორმა იგი ამ სიტყვებით დაასათაურა: "ვინც დამაფასებთ მიაწერეთ...".
"თვალი არ გეცეს, მოაშორეეე :("; "მომინდომა აქ გმირთა მოედნის ხელა ობელისკი!" - ვკითხულობთ კომენტარებში, რომლებიც თხელიძის მეგობრებმა ტრაგიკული შემთხვევის გაგებამდე მიაწერეს ფოტოს.
AMBEBI.GE-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებსა და კოლეგებს.