2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის დროს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს მოსკოვმა 70 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ ნათქვამია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ევროპულ სასამართლოს ჯაბელიას ოჯახმა მიმართა. კვარაცხელიების ოჯახი საჩივარში ამტკიცებდა, რომ მანანა ჯაბელიას მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-5 მუხლები, რაც სიცოცხლის უფლებას, წამებასა და უკანონო დაკავებას მოიცავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მანანა ჯაბელიას ოჯახის ადვოკატმა, პავლე ბერიამ განუცხადა, რუსეთის მხარემ მომჩივანთან მორიგება ითხოვა, რისი წინააღმდეგიც ოჯახი არ იყო და საბოლოო ჯამში რუსეთმა კვარაცხელიების ოჯახს, კომპენსაციის სახით 70 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს, ასევე უნდა აანაზღაუროს სასამართლოს ხარჯებიც.
"ქალბატონი მანანა ჯაბელია, მასობრივი დეპორტაცია და დევნა რომ ხორციელდებოდა, მაშინ დააკავეს. ის ბაზრობაზე მუშაობდა და 2006 წლამდე რუსეთში ყოფნისთვის საჭირო რეგისტრაცია ჰქონდა, თუმცა დაკავების დროს აღნიშნული რეგისტრაცია აღარ გააჩნდა, ვინაიდან პასპორტს გასული ჰქონდა ვადა. დაკავების შემდეგ ის შესაბამის იზოლატორში მოათავსეს და სასამართლომ, სხვა ქართველებთან ერთად მასაც დეპორტაციის განაჩენი გამოუტანა და ამასთან ერთად, დააკისრა ჯარიმა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა და აპელაციის შედეგად მას დეპორტი გაუუქმდა.
იმის მაგივრად, რომ დაკავებული გაეთავისუფლებინათ, მანანა ჯაბელია დააბრუნეს იზოლატორში, სადაც გულის შეტევით გარდაიცვალა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პავლე ბერიამ.