ინტერნეტის ხელმისაწვდომობასთან ერთად ონლაინთამაშები სულ უფრო პოპულარული ხდება. სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა კი თანდათან კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია საქართველოში სათამაშო ბიზნესის შემოსავლების ზრდის ოფიციალური მონაცემებიც: 2011 წელი - 366 მილიონი ლარი, 2012 წელი - 996 მილიონი ლარი, 2013 წელი - 1.213 მილიარდი ლარი, 2014 წელი - 2, 032 მილიარდი ლარი, 2015 წლის სამი კვარტლის შეჯამებით, 1,353 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლებით ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში კაზინოების წლიური ბრუნვა თითქმის ექვსჯერ გაიზარდა.
როგორც "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, ონლაინ-თამაშებში ყოველდღიურად 400 ათასი ადამიანია ჩართული. მისივე განმარტებით, მომხმარებელთა ასაკობრივი ზღვარი 15-დან 35 წლამდეა.
"ასაკობრივ ჭრილში რომ განვიხილოთ, გამოდის რომ ყოველი მეორე ახალგაზრდა ამაშია ჩართული. 15-დან 35 წლამდე ადამიანები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთაც რეალურად უნდა შექმნან ქვეყნის ეკონომიკა და მატერიალური დოვლათი. ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ქვეყანაში განათლების დონე დაბალია და ბიზნესს კვალიფიციური კადრების პოვნა უჭირს, არის სწორედ ახალგაზრდების აზარტულ თამაშებში ჩართულობა," - აღნიშნავს "აფბა"-ს ანალიტიკოსი.
კუკულაძის თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მოთამაშე დღეში მინიმუმ 4-5 საათია ჩართული ონლაინ-თამაშში. ანალიტიკოსის ინფორმაციით, ონლაინ-კაზინოებით მოსარგებლეთა უმრავლესობა დაბალშემოსავლიან ფენას მიეკუთვნება: "ისინი თამაშობენ არა გასართობად, არამედ შემოსავლის მიღების მიზნით. მათ უმრავლესობას არ აქვს სამსახური. შესაბამისად, თანხას დაუდასტურებელი შემოსავლებიდან აგებენ. ან ყიდიან სახლიდან რაიმე ნივთს, ან ალომბარდებენ, შესაძლოა, კრიმინალზეც კი წავიდნენ. ასეთი არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. ლუდომანია ავადმყოფობაა, ის ქართველი ახალგაზრდა თაობის სენად იქცა. ადამიანები კარგავენ განვითარების შანსს და ყველანაირ პერსპექტივას," - ამბობს ზურა კუკულაძე.
მისი თქმით, საქართველოში ბოლო პერიოდში გახშრებულ თვითმკვლელობათა ძირითადი მიზეზიც წარუმატებელი თამაშია. "გრძელვადიან პერიოდში აქ მოგებული არც არსებობს. ყველა თამაში არის რეალურად წაგებული," - აღნიშნავს ზურა კუკულაძე.
საქართველოში დღესდღეობით ათამდე ონლაინ-კაზინოა. მათგან ოთხი (აჭარაბეთი, ევროპაბეთი, კრისტალბეთი და ლიდერბეთი) ყველაზე მსხვილი და შესაბამისად, მაღალბიუჯეტიანია. თუმცა ჩვენთვის უცნობია, როგორია ყოველწლიურად ონლაინ-კაზინოების მოგება და რა მაქსიმალურ თანხას აგებენ მოთამაშეები.
"ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ სისტემაში არ არსებობს ციფრები, ამ მხრივ ყველაზე ნაკლები არგუმენტები გვაქვს. ციფრები არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ არც არავის მიუწვდება ხელი მათზე" - ზურა კუკულაძის განცხადებით, ქვეყანაში ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებული რეგულაციების არქონა უამრავ პრობლემას წარმოშობს. მისი თქმით, ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ეს სფერო მკაცრი რეგულაციების ქვეშაა.
"არსებობს სივრცეები, სადაც ონლაინ-კაზინოების მიმართ კანონმდებლობა ლიბერალურია. თუმცა, ეს ნამდვილად არ არის ამერიკა და ევროპის ის განვითარებული ქვეყნები, რომლებისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. ინტერნეტის კონტროლი სრულად რა თქმა უნდა, შეუძლებელია. შესაბამისად, ონლაინ-კაზინოების აკრძალვას ვერ მოვითხოვთ, მაგრამ ამ სფეროში უნდა არსებობდეს მკაცრი რეგულაციები, დაწესდეს წაგების ლიმიტი, აღნიშნულ ბიზნესს დაეკისროს მაღალი გადასახადები, მოხდეს მოთამაშის მკაცრი და ასპროცენტიანი იდენტიფიცირება," - განმარტავს "აფბა"-ს ანალიტიკოსი.
ონლაინ-კაზინოების რეგულაციების თემა საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ 2013 წელს გააქტიურდა. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის - "აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ხელმძღვანელი აცხადებს, ინიციატივა თავდაპირველად მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი და მოწონებული იყო. წელიწადნახევრიანი სამუშაოების შემდეგ კი შესაბამისი კომისია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების გარეშე დაიშალა.
"დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 2013 წელს დიდი ენთუზიაზმით მიიღო რეგულაციებთან დაკავშირებული ინიციატივა. ჩვენს პეტიციას 22 არასამთავრობო ორგანიზაცია და უამრავი ადამიანი აწერდა ხელს. საპარლამენტო კომისიაც შეიქმნა. წელიწადნახევარი ვიმუშავეთ ამ კომისიაში, რეკლამირების აკრძალვასა და სხვა სახის რეგულაციებზე შევთანხმდით. ბოლოს რამდენიმე შეხვედრა გადაიდო და მალე ისიც გვითხრეს, რომ ინიციატივას მხარდაჭერა აღარ ჰქონდა", - აღნიშნავს გიორგი პაიჭაძე, რომელიც ამ ფაქტს ბიზნესთან მთავრობის გარიგებას უკავშირებს.
გიორგი პაიჭაძის თქმით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციების არარსებობით, მთავრობა საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად გაღატაკებისკენ უბიძგებს.
"ამ ბიზნესში კოლოსალურ თანხებზეა საუბარი. ონლაინ-კაზინოების მფლობელები როგორც ნარკობარონები ისე მუშაობენ. გაუბედურებული ხალხის ხარჯზე რამდენიმე კაცი მდიდრდება. ამ ბიზნესის ფილოსოფია და არსიც სწორედ ესაა. ნარკოტიკზე დამოკიდებული კიდევ ინკურნება. ლუდომანია კი ყველაზე ძლიერი ფსიქიკური დაავადებაა, რომლის განკურნების მეთოდებიც არ არსებობს. ამიტომაცაა, რომ საქართველო სუიციდის შემთხვევებით რეგიონში პირველ ადგილზეა,"- აღნიშნავს გიორგი პაიჭაძე.
ქრისტინე გამთენაძე, AMBEBI.GE