კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენი კობა ტყეშელაშვილი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კახა კალაძესთან არანაირი კავშირი არ აქვს და კონფლიქტის დროს ის მხარეებს მხოლოდ აშველებდა.
როგორც ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაისმა ბრალდებები იმის შესახებ, რომ დარბაზი, რომელშიც ის ვარჯიშობს, "ქართული ოცნების" სარდაფია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და დარბაზში ნაქირავებია.
"გაისმა ბრალდებები ჩემს წინააღმდეგ, რაც სინამდვილეში არ არსებობს. დარბაზი, რომელზეც საუბარი იყო, რომ არის "ქართული ოცნების" სარდაფი, სინამდვილეს არ შეესაბამება. ყველას მივმართავ, მე არ ვარ ასეთი კაცი. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ეს იყო "ნაციონალების" ლიდერების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ამ დარბაზში ვარჯიშობენ სახელოვანი სპორტსმენები და მსოფლიო ჩემპიონები. მე 2012 წლიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და ამას არც ვმალავ. რაც შეეხება კორცხელში მომხდარ ინციდენტს, იქ ვიმყოფებოდი "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად და ვლოცულობდით, რომ რაიმე ცუდი არ მომხდარიყო, თუმცა მოგვიწყვეს პროვოკაცია. გარდაბანშიც მოაწყეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროვოკაცია, თუმცა იქ ბიჭები არ წამოეგნენ. ჩემს ძმაკაცს შეუგდეს ქვა მანქანაში, მაგრამ იქ პროვოკაციას არ წამოეგნენ. თუ ეს ხალხი არ გამოჩნდება, არასოდეს არაფერი მოხდება. მით უმეტეს ნიკა მელია, რომელიც პირველი ზონდერი იყო", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
კითხვაზე, თუ რაში გამოიხატებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხრიდან პროვოკაციების მოწყობა, ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიის ლიდერებმა სპორტსმენებს აგინეს, ბეისბოლის ბიტები ჩაარტყეს და ერთ სპორტსმენს ქვაც კი ჩაარტყეს. ტყეშელაშვილის მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, სავარაუდოდ, მზად იყვნენ პროვოკაციის მოსაწყობად და ყველაფერი სპეციალურად მოაწყვეს, რათა მსგავსი რამ მომხდარიყო, რაც უკვე მოხდა. ტყეშელაშვილი მიმართავს ყველას, მათ შორის მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს, პროვოკაციების მოწყობას თავი დაანებოს, ვინაიდან ისინი მორწმუნე ადამიანები არიან და ცუდს არაფერს აკეთებენ.
"რაც შეეხება ბრალდებებს, კახა კალაძესთან დაკავშირებით, მე რომ მასთან კავშირი მქონდეს, ასეთ დარბაზში ნამდვილად არ ვიქნებოდი. ქირას ვიხდი, რომ ქართველი ახალგაზრდები აღვზარდო. პირველ ოქტომბერს გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატი. იქ მოდით და ნახეთ როგორი ბიჭები გვყავს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.