ლარი ახალი წონასწორული კურსის ძიებაშია. მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გამყარდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ოპტიმისტური გათვლა აქვთ ანალიტიკოსებსაც. ისინი ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ლარი დოლართან მიმართებით უკვე 1,90-1,95-ის ნიშნულზე დაბალანსდება. ამჟამად ლარის გამყარებას სებ-ის ინტერვენციები აჩერებს. სხვა შემთხვევაში დღეს დოლარი უკვე 2 ლარი უნდა ყოფილიყო.
ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით წინა კვირა "არანორმალური" აღმოჩნდა. ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვას ვერ აუდიოდა, მაგრამ ლარის ნახტომისებრ გამყარებას წინ მაინც ვერ აღუდგა. ერთ კვირაში 100 მლნ დოლარის ინტერვენციის მიუხედავად, ლარი დოლართან მიმართებით 6 პუნქტით მაინც გამყარდა.
პარალელურად, უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიოში პოზიციებს თმობს "მწვანე ვალუტაც". თავის მხრივ, შესუსტებული დოლარი არა მარტო მსოფლიოს წამყვანი ვალუტების კურსზე, არამედ ქართულ ლარზეც აისახება.
შესუსტებული დოლარის გავლენას რომ სებ-ის სავალუტო ინტერვენცია არ დამატებოდა, შესაძლებელია, დღეს დოლარის კურსი 2,0-ის ნიშნულზე ყოფილიყო. თუმცა, იმის გამო, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის არც ვალუტის სწრაფი გაუფასურებაა კარგი და არც მყისიერი გამყარება, ანალიტიკოსების აზრით, ეროვნულმა ბანკმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბაზრიდან დიდი რაოდენობით დოლარი ამოიღო.
ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ლარის რევალვაცია მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საამისოდ ყველაზე ხელსაყრელი სეზონი ზაფხულია. ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას ხელს სებ-ის განკარგულებაც შეუწყობს, რომელიც კომერციულ სტრუქტურებში ლარის დარეზერვების კოეფიციენტის ცვლილებას გულისხმობს. ამ ცვლილებით ბანკებს ლარში დარეზერვების მოცულობა შეუმცირდათ, უცხოურ ვალუტაში კი გაეზარდათ განაგრძეთ კითხვა