"შეგვეძლო დამატებითი ზომების მიღება, რომ კორცხელში პროვოკაცია თავიდან აგვეცილებინა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, აჯობებდა, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია ყოფილიყო მობილიზებული.
"მე როგორც ვიცი 15-მდე პოლიციელი იყო იქ მობილიზებული, რაც არ იყო საკმარისი ვითარების განსამუხტად. რაც შეეხება იმ 15 პოლიციელის ქმედებას, ჩანს კადრებში, რომ ისინი მყისიერად რეაგირებენ და მათი რესურსის ფარგლებში ცდილობენ მხარეების დამშვიდებას. რეალურად, ამ კონფლიქტის ძირითადი ნაწილი მცირე დროის განმავლობაში გრძელდებოდა და სწორედ პოლიციის ჩარევის შემდეგ მოხერხდა სიტუაციის განმუხტვა. უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას. ჩვენ შეგვეძლო დამატებითი ზომების მიღება იმისათვის, რომ პროვოკაცია თავიდან აგვეცილებინა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი ინფორმაციით, არჩევნების დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე უბანზე ზონდერ ჯგუფები ჰყავდა მობილიზებული, მათ შორის კორცხელშიც.
"ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა მობილიზებული ზონდერ ჯგუფები, არამარტო ზუგდიდში და კორცხელში, არამედ სხვაგანაც. მე თვითონ წყალტუბოში ვიყავი #53-ე უბანთან, სადაც მობილიზებულ იყოი დაახლოებით 50 კაციანი ჯგუფი კუნთმაგარი ბიჭებისგან შემდგარი, ეს ადამიანები ხონიდან აკაკი ბობოხიძეს ჰყავდა ჩამოყვანილი. იგივე ხდებოდა კორცხელშიც. მიკროავტობუსში ჰყავდათ დაახლოებით 20-მდე აქტივისტი, რომლებიც განსხვავებით წყალტუბოსგან, შეიარაღებული იყვნენ ბეისბოლის ბიტებით", - განაცხადა კობახიძემ.