ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ახლობლები და მხარდამჭერები იკრიბებიან.
ისინი აცხადებენ, რომ სამინისტროსთან სპორტსმენების მხარდასაჭერად მივიდნენ. მათი თქმით, სპორტსმენებს კორცხელში დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათ შეურაცხყოფა ვერ აიტანეს.
"ვითხოვთ დღესვე გამოუშვან სპორტსმენები! არ გაბედონ მათი დაკავება! დაიბარეთ ბოკერია და მელია და მათ აგებინეთ პასუხი", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილი მოქალაქეები.
კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ განუცხადა, ისინი გამომძიებელთან გასაუბრებას გამართავენ. ადვოკატის თქმით, სპორტსმენები მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ და ჩვენება მისცენ.
შს მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ სპორტსმენებმა გადაწყვიტეს თავისი ნებით მივიდნენ შსს-ში და ჩვენება მისცენ. სპორტსმენები აცხადებენ, რომ დასამალი არაფერი აქვთ.
კორცხელის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილის, კობა ტყეშელაშვილის განცხადებით,
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დაიწყო პროვოცირება, ქვების სროლა, "ბიტების" ჩარტყმა, ერთ სპორტსმენს თავი გაუტეხეს და ამას მოჰყვა ჩხუბი. "ვარ "ქართული ოცნების" წევრი 2012 წლიდან და ამიტომ ვიმყოფებოდი კორცხელში. მანამდე სხვა რეგიონებშიც ვიყავით და იქ ინციდენტი არ მომხდარა, რადგან იქ არ იყო ნიკა მელია. მოვედით შსს-თან, რათა ბრალდებებს გავცეთ პასუხი. ჩვენ არ ვართ დამნაშავეები, რასაც თვითხილველები დაადასტურებენ", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.
"მე პირადად ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემთვის მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ის ემოციები, რაც საზოგადოებაში და ჟურნალისტებში არსებობს, აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს", - განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები. შს მინისტრი ინციდენტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზო განცხადებებით და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.
"უახლოეს დღეებში თუ არა საათებში მიმართავს შს სამინისტრო სასამართლოს, რათა გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.