რა სიმპტომები ახასიათებს მენინგიტს, როგორ ხდება მისი გავრცელება და როგორია პრევენციის გზები, ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა ნევროლოგი ანი ჩოჩია გვესაუბრება.
- რა არის მენინგიტი?
- მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებაა. თავის ტვინში არის 3 გარსი: მაგარი, რბილი, ქსელისებრი. იმისდა მიხედვით, თუ რომელი გარსის ანთებაა, არჩევენ: პაქიმენინგიტს (მაგარი გარსის), ლეფტომენინგიტს (რბილი გარსის), არაქნოიდიტს (ქსელისებრი გარსის). არჩევენ მენინგიტებს: სერიოზულს (არაჩირქოვანს) და ბაქტერიულს (ჩირქოვანს), ასევე პირველადს და მეორადს იმის მიხედვით, თუ როგორ იწყება დაავადება. პირველადია, როდესაც მწვავედ იწყება გარსების ანთების კლინიკური ნიშნები. მეორადია, როდესაც არსებობს სხვა დაავადება. მაგ: ყბაყურა, ჩუტყვავილა, ტუბერკულოზი და ამ დაავადებების ფონზე იწყება მეორადი მენინგიტი.
- რა სიმპტომები ახასიათებს მენინგიტს?
- მენინგიტს ახასიათებს ე.წ. მენინგიალური სიმპტომო კომპლექსი:
დაავადება უმეტესად მწვავედ დაწყება, მაღალი ცხელებით, ძლიერი თავის ტკივილით, გულისრევა ღებინებით. ღებინებამ ხანმოკლედ შეიძლება შეამციროს თავის ტკივილი, შემდგომ ისევ ინტენსიურად იწყება ტკივილი. სინათლეზე გახედვის შიში (ფოტოფობია), მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერესთეზია, არ სიამოვნებს საბნის შეხება), გულყრები, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლებელია იყოს სპეციფიური პოზა საწოლში, მუცელთან მოხრილი ფეხები, თავი უკან გადაწეული.
მენინგიალური სიმპტომო კომპლექსი გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მოიცავს ნევროლოგის მიერ გასინჯვის შედეგად გამოვლენილ კისრის რიგიდობას (ბრუძინსკის და კერნიგის სიმპტომებს). შესაძლებელია კანზე ჰქონდეს წვრილი წერტილოვანი სისხლჩაქცევების მაგვარი გამონაყარი (ვარსკვლავისებრი ტიპის), რაც მიუთითებს მენინგოკოქცემიის არსებობას და სწრაფად მოითხოვს სტაციონირებას.
- შესაძლოა ის უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს?
- არის რიგი მენინგიტებისა: ტუბერკულოზური მენინგიტი, რომლის კლინიკური გამოვლინება ძალზე რბილია და შესაძლებელია პაციენტი დადიოდეს არა შემაწუხებელი თავის ტკივილით და მცირედი მომატებული სხეულის ტემპერატურით რამდენიმე დღის მანძილზე.
- რა იწვევს მენინგიტს?