"ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი" - ხატიას სოსოიას რეალური ცხოვრება ფილმიდან "მე ვხედავ მზეს"

"ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი" - ხატიას სოსოიას რეალური ცხოვრება ფილმიდან "მე ვხედავ მზეს"

"სად მიდიხარ, შენ, ჩემი სოფლის შარაგზაო, და საით მიგყავს ჩემი სოფელი. გახსოვს? ერთ დღეს შენ წამართვი ყველაფერი, რაც გამაჩნდა ამ ქვეყანაზე. მე გთხოვე მაშინ, შარაგზაო, და შენ დამიბრუნე, რაც შეგეძლო, და მე მადლიერი ვარ შენი", - ამბობს ნოდარ დუმბაძის სოსოია და თავის ხატიასთან ერთად მიდის "უსასრულოდ ხელიხელჩაკიდებული". სოსოიას ეკრანზე გამცოცხლებელი, უკვე 68 წლის გელა ჭიჭინაძე კი თავის ხატიას და სულ სხვა ცხოვრებას ირჩევს და დარწმუნებულია, თავიდან რომ დაიწყოს ყველაფერი, მაინც ამ შარაგზას გაივლის.

- თბილისის 61-ე საშუალო სკოლის მეცხრე კლასში ვსწავლობდი, ფილმ "მე ვხედავ მზის" გადაღებას რომ იწყებდნენ და მთავარი როლებისთვის ბავშვებს სკოლებში არჩევდნენ. იმხანად მე და მურმან ჯინორია პიონერთა სასახლის დრამწრეზე დავდიოდით, წრეს მსახიობი ვახტანგ ქუთათელაძე ხელმძღვანელობდა და ბევრ სპექტაკლში მთავარ როლსაც ვასრულებდი. პარალელურად, სამხატვრო სკოლაშიც ვსწავლობდი გია ფერაძესთან ერთად. მან მიმიყვანა მარჯანიშვილის თეატრში, სადაც რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ "ჯარისკაცის ქვრივში" ზურიას როლი მათამაშა. ასე რომ, რაღაც სამსახიობო გამოცდილება მქონდა. ლანა ღოღობერიძემ ფილმისთვის ჯერ სკოლაში შემარჩია, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზეც მნახა. სხვათა შორის, ბევრი კონკურენტი მყავდა, მაგრამ რატომღაც მე დამტოვეს. ყველას ეგონა, სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარებდი. გამოცდის ჩაბარებაც არ დამჭირდებოდა, რადგან აკაკი ხორავას ჩემთვის ადგილიც კი ჰქონდა შენახული. მაგრამ მსახიობობას სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი ვამჯობინე.

- ფილმის გადაღების დღეები გაიხსენეთ, ის ადამიანებიც, ვინც იქ გაიცანით...

- იმხანად ყველანი ახალგაზრდები და უდარდელები ვიყავით. რეჟისორი ბუბა ხოტივარი იქ მასობრივ ეპიზოდებში მონაწილეობდა. თენგიზ არჩვაძე იყო ჩემთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი კაცი. ძალიან დავმეგობრდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უფროსი იყო, თუმცა - არცთუ ბევრით. მისი დონის მსახიობი ამ თაობაში არც მეგულება.

"თანაც რა კარგი გოგო მიყვარდა!... ეჰ, ლელუჩია"!

- ფილმს სად იღებდით?

- ქართლის ახალქალაქიდან დავიწყეთ, მერე სოხუმშიც ვიღებდით, ეშერაშიც, აფხაზეთის ტყეებში - თევზაობის ეპიზოდები იქ, მდინარის პირასაა გადაღებული.

მახსოვს, ძალიან ციოდა, წყალში ჩასვლის ეპიზოდს რომ ვიღებდით. - არ გაცივდესო, ჩაილაპარაკა "სოსოიას რუსმა, ანატოლიმ" - მსახიობმა გლებ სტრიჟენოვმა, ჩექმიდან "ჩეკუშკა" დააძრო და არაყი დამალევინა, არადა, ბავშვი ვიყავი და არაყს არ ვსვამდი. ერთმა ჭიქამ ტანში დამიარა და ისე შევხტი წყალში, თითქოს ტანკს ვუვარდებოდი. მოგვიანებით მეუბნებოდნენ, - ანატოლიმ გაგალოთაო. ცხონებული გლებ სტრიჟენოვი შესანიშნავი კაცი იყო. ეჰ, რა გითხრათ? დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, არც მჯერა, რომ ის ბიჭი მე ვიყავი და ის პერიოდიც მე გავიარე! სულ სხვა ემოცია იყო მაშინ. ჩემს შვილებს, შვილიშვილებს, საერთოდ, ახალგაზრდებს რომ ვაკვირდები, სრულიად განსხვავებულები არიან, ჩვენ განცდაც კი სხვაგვარი გვქონდა. ჩემთვის დრამწრის სცენაზე უმნიშვნელო როლის თამაში იყო ყველაფერი და წარმოიდგინეთ, ამხელა ფილმში მთავარი როლი - ნოდარ დუმბაძის სოსოია მანდეს!

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება