ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ქართული ოცნება" პროვოკაციას უწოდებს. "ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დადგმული პროვოკაცია და არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა "ქართული ოცნების" წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცოტნე ზურაბიანმა.
მისი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად ცდილობს სიტუაციის დაძაბვას, რეალურად კი, თავად ეწევიან უბნებზე აგიტაციას. "მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას", შეწყვიტოს დადგმული პროვოკაცია და ხელი არ შეუშალოს არჩევნების მშვიდობიან პროცესს. მათი წარმომადგენლები ყველა უბანთან დგანან და აგიტაციას ეწევიან. არავინ არავის ფულს არ უხდის. ეს არის სიცრუე", - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა წყალტუბოში "ქართული ოცნების" კოორდინატორები ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულეს.
რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით ცესკოს პოზიციას, საარჩევნო კომისიის სპესსპიკერი ანა მიქალაძე განმარტავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებელია არჩევნების პროცესის ღიად და გამჭირვალედ წარმართვაზე მხოლოდ უშუალოდ საარჩევნო უბანზე. "ის, რაც საარჩევნო უბნის გარეთ ხდება, მასთან დაკავშირებით შესაბამისმა ორგანოებმა შეიძლება იმსჯელენ და მოიძიონ ინფორმაცია", - აღნიშნა მან.
სოფელ წყალტუბოში მიმდინარე საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრიან: ბუხუტი ფირცხალავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); ივანე როყვა (ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები) და მურადი ზაქარიაძე (ქართული ოცნება).