მსახიობი გიორგი ცხადაძე გასულ წელს ყველაზე პროდუქტიულ მამაკაც მსახიობად დაასახელეს. "ახმეტელის თეატრის" სცენაზე მან 12 პრემიერა ითამაშა. ამბობს, რომ რაოდენობამ ხარისხი არ უნდა გააფუჭოს. საქმეს ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ის, რომ თითოეულ როლში სულსა და გულს დებს, დარბაზში მყოფი მაყურებლისთვის აშკარად საგრძნობია. როდის ჯუჯღუნებს, როდის მიდის რისკზე, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში და რის გამო საყვედურობენ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1991 წლის 8 ნოემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ტრაქტორისტი (იცინის). ხონში დავიბადე, მაგრამ მერე ჩემი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ბაბუა სოფელში ცხოვრობდა და მასთან რომ ჩავდიოდი, მუდმივად მესმოდა ლაპარაკი სოფლის პრობლემაზე. მხოლოდ ერთი ტრაქტორი ჰყავდათ, მიწის დამუშავებას კი ყველა ჩქარობდა. ეს ერთი ტრაქტორი მოზღვავებულ საქმეს ვერ აუდიოდა და ამიტომაც ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი, ტრაქტორისტი გავხდებოდი და ყველას ყანას მე დავხნავდი. მსახიობობა მოგვიანებით გადავწყვიტე. ჩემს ოჯახში ყველანი მღერიან. მამა პირველად ფილარმონიის სცენაზე რომ ვნახე, შინ დაბრუნებულმა სახლში გავიმეორე, რასაც ის სცენაზე აკეთებდა. მერე იყო "ერისიონის" ცნობილი კლიპი "შატილის ასულო", მერე რამდენიმე სიმღერაც ჩავწერე. მოკლედ, პოპულარული ბავშვი ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურ უნივერსიტეტში ვცადე ბედი და გამიმართლა. ნუკრი ქანთარიას ჯგუფში აღმოვჩნდი. დღეს ჩემი თავი სხვა სფეროში ვერც წარმომიდგენია. მცირე ხანს ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი. ოფისში რამდენჯერმე სიმღერა წამოვიწყე და მივხვდი, ჩემი ადგილი იქ არ იყო. 2 წელია, "ახმეტელის თეატრში" ვთამაშობ. აქ რეჟისორმა ირაკლი გოგიამ მომიყვანა. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, თავიანთი საქმე ძალიან უყვართ, თავდაუზოგავად შრომობენ, მე ვგრძნობ ყველა პარტნიორს და ეს მნიშვნელოვანია.
- გასულ წელს, როდესაც ყველაზე პროდუქტიულ მსახიობად დამასახელეს...
- ...რა თქმა უნდა, გამიხარდა. 2015 წელს 12 პრემიერა ვითამაშე. მეორე ადგილზე, 10 პრემიერით, გიგი მიგრიაული დაასახელეს. ერთია პროდუქტიულობა, მეორეა ხარისხი. ამ თეატრში ხარისხი ყველასთვის მნიშვნელოვანია.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ჯაჯღანა ხარო. პასუხისმგებლობის გრძნობა კარგად მაქვს განვითარებული და შესაძლოა, პატარა დეტალმაც ძალიან გამაღიზიანოს. შეიძლება, სპექტაკლი ნორმალურად ჩატარდეს, კომპლიმენტებიც მივიღო, მაგრამ მე ხომ ყველაზე კარგად ვგრძნობ, როდის დავიხარჯე ბოლომდე და რა ეპიზოდზე "გადავირბინე". როდესაც მაქვს განცდა, თითქოს რაღაც დავაკელი, ჯაჯღანა ვხდები და ძალიან ცუდ ხასიათზე მაყენებს.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...