მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შეუერთდნენ. "ეს ადამიანები არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები და ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ გასათავისუფლებლად", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განუცხადა.
როგორც რატიანმა აღნიშნა, აქციაზე მივიდნენ უსამართლობასთან ბრძოლის მიზნით.
"ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ შევცვალოთ ვითარება ქვეყანაში. ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ გასათავისუფლებლად", - განაცხადა რატიანმა.
მთავარ პროკურატურასთან კომენტარი გააკეთა პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმაც და ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს "პოლიტიკური პატიმრები" უწოდა.
"განცხადებები, რომლებიც ისმის ჩვენი მისამართით, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პოლიტიკური პატიმრების მორიგი ტალღა მოვითმინოთ", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
საქართველოს მთავარ პროკურატურასთან "თავისუფალი დემოკრატების" ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების დამნაშავედ ცნობას აპროტესტებენ.
დღეს "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ აქციაზე, მათ გვერდით არ იყო იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც "9 წლის განმავლობაში მოქალაქეებს "სულს ხდიდნენ".