"კვირის პალიტრა" გთავაზობთ ფოტოგალერეას შეყვარებულ წყვილებზე, რომელთა სიყვარულზე ლეგენედები დადიოდა და დღესაც დადის.
გალაკტიონი და ოლია ოკუჯავა
"ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენ გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის. ვიმეორებ, ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არასასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის, მე ვგრძნობდი, რომ ყველა გულში ან დამცინოდა, ანდა კვირობდა ჩემს ხშირ სტუმრობას… მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი", - წერდა გალაკტიონი 1914 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში ოლიას.
ოლიას მამას რომანტიკოსი პოეტის სიძობის პერსპექტივა არ ხიბლავდა და შვილს გალაკტიონთან ურთიერთობას უკრძალავდა. ამის გამო, შეყვარებულები ერთმანეთს ფარულად ხვდებოდნენ, თუმცა მალე სტეფანე ოკუჯავას წინააღმდეგობა გატყდა და 1916 წელს ოლიამ და გალაკტიონმა ჯვარი დაიწერეს. ოლია თავგანწირული მეუღლე გამოდგა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ არ აცადა შეყვარებულ წყვილს ბედნიერი ცხოვრება...
ლია ელიავა და ოთარ კობერიძე
ქართული კინოს ორი ლეგენდა არა მხოლოდ სცენაზე იყო გენიალური, მათ სიყვარულის ისტორიაზე დღესაც ლაპარაკობენ.
"ლია ელიავა პირველად "ბაში" აჩუკის ღამის გადაღებებზე ვნახე და მისმა სილამაზემ დამაბრმავა", - ასე იხსენებდა ოთარი საყვარელ ქალთან შეხვედრას.
"პირველი უიღბლო ქორწინების შემდგ ოჯახის შექმნაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით და ლამაზად მთხოვა ხელი, რომ უარი ვერ ვუთხარი. როცა "მამლუქი" ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენ უკვე საყვარელი ქალიშვილი ნანა შეგვეძინა", - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ლია ელიავა.
როგორც ცნობილია, ლია ელიავას გაცნობისას ოთარს ოჯახი ჰყავდა. ლია კი ქმართან გაშორებული იყო.
მსახიობი დოდო ჭიჭინაძე იხსენებდა: "ძალიან ლამაზი წყვილი იყო, მაგრამ მათ წინაშე დიდი ბარიერი აღიმართა. ეს გახლდათ საზოგადოების აზრი და ყველაზე მთავარი - ოჯახი! თავიდან არც მე ვიყავი მათი ქორწინების მომხრე, ვეუბნებოდი, სხვის უბედურებაზე თქვენს ბედნიერებას ვერ ააგებთ-მეთქი. თუმცა გავიდა დრო და მივხვდი, მათ არ შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე და დიდი დანაშაული იყო მათი ცალ-ცალკე ყოფნა. სწორედ მაშინ ვთქვი ბევრის გასაგონად: როცა ასეთი სიყვარულია, ალბათ ღირს რისკზე წასვლა-მეთქი".
"ლია ჩემი ცხოვრების არსი, ჩემი სუნთქვა იყო", - ამბობდა წლების შემდეგ გარდაცვლილ მეუღლეზე ოთარ კობერიძე.
გურამ საღარაძე და ტანია ბუჰბინდერი
გურამ საღარაძემ და მისმა მომავალმა მეუღლემ თეატრალური ინსტიტუტიდან გაიცნეს ერთმანეთი, ტანია ამ დროისთვის პირველ მეუღლეს იყო გაშრებული და თბილისში ცხოვრობდა. ისინი მალევე შეუღლდნენ და ბოლო ამოსუნთქვამდე გაგიჟებით უყვარდათ ერთმანეთი...
გურამ საღარაძის შვილი მარინა საღარაძე იხსენებს: "უკვე 17 წელზე მეტი გავიდა
ტანიას გარდაცვალების შემდეგ და მამას ერთი დღეც არ ავიწყდებოდა ტანიაზე რომ არ ესაუბრა და ელოცა... მამა ახლა ნამდვილად მასთან წავიდა..."
რუსთაველის თეატრის გასტროლებზე ყოფნისას ტანია ყოველთვის თან ახლდა მის მეუღლეს.. ტანიას გული აწუხებდა, ერთხელ გურამს დაურეკა და უთხრა ცუდად ვარო, სახლში დაბრუნებულ მსახიობს მეუღლე გარდაცვლილი დახვდა...
რამაზ ჩხიკვაძე და ნატაშა ჩხიკვაძე
ქართული თეატრის ერთ-ერთ წამყვანი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძისა და მისი მეუღლის ნატალია ჩხიკვაძის სიყვარულის ისტორიაც ისეთივე გენიალური გახლდათ, როგორი გენიალურიც ის თეატრის სცენაზე იყო.
"გემზე გავიცანი ნატაშა. იმ გემზე რომ არ ვყოფილიყავი, ხომ არ შევხვდებოდი. მე და გურამ საღარაძე მივდიოდით ოდესაში. იალტაში შემოვიდა ნატაშა. რომ დავინახე, უზომოდ მომეწონა და ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე ცოლის შერთვაზე, ასეთ ქალს შევირთავდი-მეთქი. ცხოვრებაში სხვა არავისზე მიფიქრია..." - იხსენებდა თავად მაესტრო.
რამაზ ჩხიკვაძე ამბობდა, რომ ნატაშას დიდი დამსახურება იყო მისი წარმატება, ამიტომ ის დარჩა საყვარელი ქალისა და ხელოვნების ერთგულად.
სიცოცხლის ბოლო პერიობში ისინი ერთმანეთს ერთი წუთითაც კი არ ტოვებდნენ, თუმცა მხოლოდ 56 დღე გაძლო რამაზ ჩხიკვაძემ ერთგული მეუღლისა და მეგობრის გარეშე და 2011 წლის 17 ოქტომბერს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.