თუ გინდა ადამიანი დაღუპო, დააწყებინე აზარტული თამაში, ხელი შეუწყვე, რომ გახდეს თამაშზე დამოკიდებული და... უბედურება არ დააყოვნებს. მით უმეტეს, თუ ეს უბედურება უკვე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია მიიღო და ტელევიზიები მას სარეკლამო დროის საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობენ. დიახ, ონლაინკაზინოებსა თუ ონლაინბეთებს ვგულისხმობთ, რომლებიც ისეთივე ეროვნულ პრობლემად იქცა, როგორიც, მაგალითად, ნარკომანიაა. სწორედ ამიტომ ითხოვს საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების უსწრაფეს რეაგირებას, მაგრამ...
ფსიქოლოგმა ნინა გოგოხიამ "კვირის პალიტრასთან" საუბარი ამ დღეებში ონლაინკაზინოს გამო მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ამბით დაიწყო: "ის ბიჭი გამვლელმა ამოიყვანა მტკვრიდან. ამას ჩემი ახლობლები შემთხვევით შეესწრნენ. უკითხავთ, რატომ იკლავ თავსო? ინტერნეტკაზინოში ვითამაშე, ვალი ავიღე, ვერ ვისტუმრებ და დედას ვერ ვეტყვიო! ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს იმისა, აზარტული თამაშების გამო მერამდენე ახალგაზრდას შეიძლებოდა დაესრულებინა სიცოცხლე. ონლაინკაზინოს ძალიან ბევრი მოზარდი უკვე შეეწირა. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ თვითმკვლელობებს. ძალიან დიდი შანსია, რომ მოზარდები საბოლოოდ იქცნენ თამაშებზე დამოკიდებულებად, ანუ გემბლერებად, რაც არაფრით განსხვავდება ნარკოდამოკიდებულებისაგან. თვითმკვლელობები უმეტესად ხდება გაცნობიერებული შეცდომების გამო - ონლაინდამოკიდებულებმა იციან, თუ როგორ დააზარალეს ახლობლები...
ელიოზის სინდრომი
ნინა გოგოხია, ფსიქოლოგი: "ხომ გახსოვთ ელიოზი, "ნატვრის ხის" პერსონაჟი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ნატვრისთვალს იპოვიდა ან ოქროს თევზს დაიჭერდა და ყოველდღე დილაადრიანად მის საძებნელად მიდიოდა. შინ კი ჩამოკონკილი, მშიერი და გათოშილი ოჯახი ელოდებოდა. სამწუხაროდ, ონლაინკაზინოებისა თუ კაზინოების ტყვეები დღეს კოლექტიურ ელიოზად მოგვევლინენ. კოლექტიური ელიოზები ანგრევენ და აუბედურებენ თავიანთ გარშემო ყველაფერს და ხშირად ამას ნიღბავენ წუხილით, რომ თითქოსდა ონლაინკაზინოში თამაშითა და ფულის მოგებით ოჯახის წევრების მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ. ეს არის ვითომ წუხილი და ვითომ ზრუნვა, რასაც ემატება ცრუ ილუზია, რომ ოდესღაც გაგიმართლებს, მოიგებ და აშენდები - სწორედ ამ გზით მივდივართ ელიოზთან. იმ ელიოზთან, რომელიც მშიერ ოჯახს ყოველ დილას თავს ალოცვინებს ვითომ მათი გადამრჩენელი ნატვრისთვალის მოსაპოვებლად, სინამდვილეში კი მათ აუბედურებს. იმ ელიოზთან, რომელიც თავისი უცნაური ახირების გამო ყველასგან გარიყულია. ელიოზი, შესაძლოა, თავადაც ვერ ხვდება (ან არ უნდა, მიხვდეს) რას სჩადის, როგორ სწირავს განუხორციელებელი ოცნების დევნით შვილებს... ელიოზი ცრუ ილუზიებმა იმსხვერპლა. სამწუხაროდ, ასევე ამთავრებს სიცოცხლეს ბევრი თანამედროვე ელიოზი - ონლაინკაზინოების ბადეში გახვეულებს, ყველასგან გარიყულებს, ვალებში ჩაძირულებს, საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ.