"კა-გე-ბემ" ქორწილის ფოტოები იმიტომ გაგვინადგურა, რომ კომუნისტები ჯვრისწერას კრძალავდნენ. იმასაც გეტყვით, რომ მამა გიორგის წასვლის შემდეგ - ის ქორწილში დიდხანს არც გაჩერებულა, სულ ხუთი წუთით შემოგვიარა - "კა-გე-ბეს" ხალხმა ის უცხოელებიც წაიყვანა, სუფრაზე აღარ დატოვა.
რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, დედოფალ ალექსანდრას და მათი შვილების საქართველოში ინკოგნიტოდ ცხოვრებისა და გარდაცვალების თაობაზე ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნებულ ინტერვიუს, სათაურით - "რუსეთის უკანასკნელი გვირგვინოსნები საქართველოში გარდაიცვალნენ?", როგორც მოსალოდნელი იყო, გამოხმაურებაც მალე მოჰყვა - რედაქციაში მკითხველი, ბატონი მამუკა გოგიჩაიშვილი დაგვიკავშირდა, რომელმაც ინტერვიუში ნახსენები დეკანოზი გიორგი ამოიცნო. შეგახსენებთ, რომ ჩვენი რესპონდენტის, ქ-ნ ლეილა სონიშვილის ცნობით, რუსეთის უკანასკნელი დედოფალი, ალექსანდრა ჰესენელი სიცოცხლის ბოლო წლებში თავს სწორედ მამა გიორგისთან აფარებდა, იქვე გარდაიცვალა და წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიის ეზოშია დაკრძალული. მოძღვარის გვარი ქ-ნმა ლეილამ არ იცოდა. სმენოდა მხოლოდ ის, რომ იგი წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიაში მსახურობდა.
ბატონმა მამუკამ გვაცნობა, რომ დეკანოზის სახელი და გვარი გახლდათ გიორგი ტერ-ტერზიევი; იგი წარმოშობით სომეხი იყო, რწმენით - მართლმადიდებელი და მართლაც, ღვთისმსახურებას წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიაში აღავლენდა. მამა გიორგი მიტროსანი დეკანოზი ყოფილა - ეს კარგად ჩანს მისივე ფოტოდან, რომელიც ქ-ნმა ლეილა სონიშვილმა მოგვაწოდა და რომელიც მასთან ინტერვიუს თან დავურთეთ. ბატონ მამუკას აღმოაჩნდა მამა გიორგის სხვა ფოტოც, რომელზეც მასთან ერთად აღბეჭდილნი არიან ქართველი და უცხოელი მღვდელთმთავრები (მათ შორის - ამჟამინდელი კათოლიკოს-პატრიარქი, მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, ილია II), ასევე საერო პირებიც. გიორგი ტერ-ტერზიევი საკმაოდ ცნობილი და პატივსაცემი ღვთისმსახური ყოფილა და რაც ყველაზე მთავარია, სახლში უამრავი ადამიანი ჰყოლია შეკედლებული. ასე რომ, ის ვერსია, რაც ქ-ნ ლეილა სონიშვილის ინტერვიუში გაჟღერდა, თეორიულად სავსებით დასაშვები ჩანს; თუ, რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ რომანოვები ეკატერინბურგში 1918 წელს არ დაუხვრეტიათ.
მამა გიორგი ტერ-ტერზიევისა და მასთან შეკედლებული რუსეთის უკანასკნელი დედოფლის ისტორიის დეტალების შესატყობად, ბატონ მამუკას სახლში ვესტუმრე, სადაც მას და მის დედას ვესაუბრე:
ინეზა ფრანგიშვილი:
- ჩემი მამამთილი, მამია (გენო) გოგიჩაიშვილი წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიის სასაფლაოს დირექტორი გახლდათ და დეკანოზ გიორგი ტერ-ტერზიევთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. მამა გიორგის მეც კარგად ვიცნობდი; ეროვნებით სომეხი იყო, თანაც - წარჩინებულთა გვარიდან, მაგრამ მართლმადიდებელი. როგორც იცით, იმხანად კომუნისტები სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს დიდად ავიწროებდნენ, ხალხს ეკლესიაში შესვლას უკრძალავდნენ, თუმცა ჩემი მამამთილი ყოველთვის ღრმად მორწმუნე იყო და კომუნისტურ აკრძალვებს არ უშინდებოდა. ეკლესიაშიც თამამად შედიოდა და სასულიერო პირებთანაც დაუფარავად ურთიერთობდა. აი, ამ სურათზე ის და მამა გიორგი ტერ-ტერზიევი სვეტიცხოველში, ქართველ და უცხოელ მღვდელმთავრებთან ერთად არიან აღბეჭდილნი. ხედავთ, მისი უწმიდესობა, ილია II-ც აქ ბრძანდება. იგი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო კათოლიკოს-პატრიარქი, მიტროპოლიტი გახლდათ... წაიკითხეთ სრულად