"სამხრეთის კარიბჭეს" კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, გორში 2016 წლის 13 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, არჩილ ბაცანაძე იყო. სამმართველოს ავტომანქანა, შავი ფერის "შკოდა" სერიით AF-682-FA, რომელიც არჩილ ბაცანაძეს ემსახურება, BMW-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა. წყაროს ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილში ცოლ-ქმარი ისხდნენ და მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, 13 მარტს გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე განმარტებით, ძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემას ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის.